ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები ნომინაციაში - „საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისთვის“ ცნობილია

ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები ნომინაციაში - „საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისთვის“ ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბიზნესს წარმატებისთვის მხოლოდ ინოვაციური იდეა არ ჰყოფნის - გამოწვევებით სავსე გზაზე, მას მხარდაჭერა, აღიარება და დაფასებაც სჭირდება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ბიზნეს სოციუმის ყველაზე დიდი ღონისძიება- ბიზნესდაჯილდოება, რომელსაც „თიბისი“ უკვე მეექვსე წელია მართავს.

წელს, ისევე როგორც გასულ ღონისძიებებზე, ბიზნესდაჯილდოება საზოგადოების წინაშე სიახლით წარსდგება და მცირე და საშუალო ბიზნესებს დააჯილდოებს ორ ახალ ნომინაციაში: „რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისა“და „საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობისთვის.“

Forbes საქართველოს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე მიიჩნევს, რომ ღონისძიებას, რომელიც ბიზნეს სამყაროში სიახლეებს წარმოაჩენს და მონაწილეების ენთუზიაზმს განაპირობებს, შემფასებლებსა თუ საზოგადოებაში, მუდმივი არსებობა უწერია.

„მიმაჩნია, რომ ღონისძიების თვითმყოფადობაზე, საკითხის მიმართ არსებული მუდმივი ინტერესი მიანიშნებს - ინტერესი, პირველ რიგში, მონაწილეების მხრიდან და შემდეგ — მთლიანად საზოგადოებისგან. ბიზნესდაჯილდოების უნიკალურობაა, რომ ამოუწურავია მონაწილეობის მსურველთა ენთუზიაზმი. ფაქტი, რომ ადამიანები ბიზნესდაჯილდოებას ელოდებიან, ნიშნავს, რომ ღონისძიება შედგა”, - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.

მისივე თქმით, ახალ ნომინაციაში ჟიური ელის ბიზნესებს, რომლებმაც თანამშრომლობით ერთმანეთს და საზოგადოებას სარგებელი მოუტანეს. იგი ბიზნესებს ურჩევს, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა პროექტში, რადგან მათი ცნობადობა ამაღლდება, გაიცნობენ სხვა მეწარმეებს და დაამყარებენ კავშირებს.

„ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, პიროვნულ და საქმიან ურთიერთობებში, რეპუტაციულად დონეს ამაღლებს. ბიზნესდაჯილდოებაში ჩართულია ბევრი მედია და გარდა ცნობადობისა, გაძლევთ ისეთ უნიკალურ შესაძლებლობას, რომლის გარეშეც ქვეყანაში ბიზნესის წარმოება შეუძლებელია. ამიტომაც, ყველას ვთხოვ, რაც შეიძლება მეტი გაბედული იდეითა და მწყობრი პროექტით შეავსონ განაცხადი და ხელიდან არ გაუშვან ეს შესაძლებლობა”.

„ბიზნესდაჯილდოება ყველაზე დიდი პლატფორმაა საქართველოში, რომელიც ბიზნესებს ასე მასშტაბურად უწყობს ხელს განვითარებაში. რაც მთავარია, კონკურსი არ არის ორიენტირებული ბიზნესის მხოლოდ ერთ რომელიმე მიმართულებაზე, იგი აერთიანებს სხვადასხვა სექტორს, არის მრავლისმომცველი და მასშტაბური”, - განაცხადა ექსპორტის განვითარების ასოციაციას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანი კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, ღონისძიების დახმარებით ბიზნესს საშუალება ეძლევა საზოგადოებას საკუთარი თავი წარუდგინოს, ეხმარება მათ კავშირების დამყარებასა და თავიანთ საუკეთესო თუ ნაკლოვან მხარეებს უჩვენებს.

„ძალიან საინტერესო ინიციატივაა. ვისურვებდი დიდხანს იარსებოს, გაფართოვდეს და კიდევ უფრო მეტი ბიზნესის შესახებ გააგებინოს საზოგადოებას”, - განაცხადა ანი კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, „საუკეთესო თანამშრომლობისთვის”, გასამარჯვებლად ბიზნესებმა რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ . მათ უნდა აჩვენონ პარტნიორობის მასშტაბი, შედეგები და მისი გავლენა ერთმანეთსა თუ საზოგადოებაზე. გქონდეს საკუთარი ბიზნესი დიდი გამოწვევაა, რომელიც ყოველდღიურად ითხოვს ძალიან დიდ კონცენტრაციასა და ენერგიას. თუმცა, ამ გზაზე გახსოვდეთ, რომ თქვენ ცვლით სამყაროს უკეთესობისკენ.

EFSE უფროსი საინვესტიციო ოფიცერის ივანე ლექვთაძეს განცხადებით, ბიზნესდაჯილდოება სამეწარმეო კულტურის განვითარებას უწყობს ხელს, ემსახურება მეწარმეებისა და ბიზნესების ცნობიერების ამაღლებას და რაც მთავარია, აღიარებს მათ წვლილს ბიზნეს საქმიანობაში.

„ჩვენი ფონდი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პროექტის პარტნიორი და მხარდამჭერია. ვფიქრობ, "თიბისისთან" ერთად კარგ საქმეს ვემსახურებით და ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესისა და სამეწარმეო კულტურის განვითარებას”, - აცხადებს ივანე ლექვთაძე.

მისი თქმით, ღონისძიება უკეთესად წარმოაჩენს როგორც ახალბედა სტარტაპებს, ისე მრავალი წლის გამოცდილების მქონე დიდს ბიზნესებს. გარდა პრიზებისა, რომელიც, ნამდვილად სასარგებლო და ხელშესახებია, ბიზნესდაჯილდოების დახმარებით კომპანიები იღებენ მთავარს, იმკვიდრებენ ადგილს სამეწარმეო და ბიზნეს ეკოსისტემაში.

„ყოველ წელს ასობით აპლიკაცია შემოდის. დაინტერესებულია ყველა ტიპის ბიზნესი. ჩვენ კი გადაწყვეტილებას მათი ზომის ან პროფილის მიხედვით კი არა, კონკრეტულ ნომინაციებთან აპლიკაციების შესაბამისობით ვიღებთ. ამიტომაც, ისეთ კომპანიებსაც მოუპოვებიათ გამარჯვება, რომლებიც 20 წელია ბაზარზე არიან და ასევე, გამარჯვებულებს შორის ყოფილან ახალი სტარტაპებიც.

ეცადეთ, ბიზნესიდეა იყოს ექსკლუზიური, რადგან თანამედროვე სამყაროში, სადაც გარემო დინამიურად ვითარდება, მნიშვნელოვანია გამოირჩეოდე სხვებისაგან. რაც მთავარია, კონცენტრირებული უნდა იყო ციფრულ მიმართულებებზე, თანამედროვე მიდგომები ავტომატიზაციასა და ტრადიციებს უნდა შეუხამო”,- აცხადებს ივანე ლექვთაძე.

მარკეტერის დამფუძნებელი, სილქროუდ ჯგუფის მარკეტინგის დირექტორი აკო ახალაია, უკვე წლებია ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრია და ფიქრობს, რომ ღონისძიება ძალიან კარგი საშუალებაა ქვეყანაში მოქმედი ბიზნესებისთვის გადაიაზრონ, თუ რას როგორ აკეთებენ, ასევე, მონაწილეებმა გაზარდონ ცნობადობა თავიანთი საქმიანობის შესახებ. ახალ და საინტერესო ნომინაციაში აკო ისეთ ბიზნესებს ელოდება, რომლებმაც ურთიერთთანამშრომლობით უნიკალური ღირებულებები შექმნეს.

„ვაკვირდები, როგორ სწრაფად და საინტერესოდ ვითარდება ღონისძიება. ვფიქრობ, ბიზნესდაჯილდოებამ შეძლო და მრავალი ბიზნესის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა მიუხედავად იმისა, მათ გაიმარჯვეს, თუ - არა. ყველაფერს დამოუკიდებლად ვერ მივაღწევთ, ამიტომ საჭიროა კარგი პარტნიორის მოძებნა, შერჩევა და თანამშრომლობა. ჩვენ ბიზნესების სწორედ ისეთ ისტორიებსა და მაგალითებს ვეძებთ, რომლებმაც ერთმანეთი გაზარდეს, ურთიერთობებით გაამდიდრეს, ცოდნა გაცვალეს, სინერგიით რაღაც ახალ მწვერვალზე ავიდნენ და ა.შ. თუნდაც ის, რომ ასეთი ნომინაცია არსებობს, ვფიქრობ, ბევრს დააფიქრებს და მომდევნო წლებში თანამშრომლობის უფრო მეტ მაგალითს ვიხილავთ.

წელს, მარკეტერის მთავარი მესიჯია - „სცადე“. გვსურს ადამიანებს, ორგანიზაციებს სხვადასხვა პროექტითა და შესაძლებლობით გამბედაობისა და მცდელობებისკენ მოვუწოდოთ. მართალია, ბიზნესდაჯილდოებას ჩვენ არ ვაორგანიზებთ, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, რომ „სცადოს და ნუ იქნება ისევ ისეთი“. როგორც ჩვენი მეგობარი, ბესიკ ხარანაული ამბობს, არცერთ საქმეს იმდენი ძალა არ სჭირდება, რამდენიც გაბედვას, ამიტომ ახალბედა ბიზნესებს მეტ გამბედაობას ვუსურვებ და რაც მთავარია, დიდ წარმატებებს”, - აცხადებს აკო ახალაია.

ბიზნესდაჯილდოების პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაწყებულია ვებგვერდზე www.businessaward.ge და გაგრძელდება 15 ოქტომბრის ჩათვლით.

გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან. ბიზნესდაჯილდოების პარტნიორები არიან: EFSE Entrepreneurship Academy და Forbes Georgia.