ევროკომისარი: ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი ზამთრის ბოლომდე გასტანს

ევროპაში ელექტროენერგიაზე ფასის ზრდა პირდაპირ კავშირშია ბუნებრივი აირის გაძვირებასთან და ასევე მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლასთან - ასე ფიქრობს ევროკომისარი შიდა ბაზრების საკითხებში ტიერი ბრეტონი. რადიო RTL-თან ინტერვიუში ბრეტონმა ასევე აღნიშნა, რომ მისი გავლენა შესაძლოა, საგრძნობი იყო მთელი ზამთრის განმავლობაში.

„ვფიქრობ, რომ ენერგეტიკასთან დაკავშირებული ეს დაძაბული სიტუაცია მთელი ზამთარი გაგრძელდება. და მას აქვს ბევრი მიზეზი“ - განაცხადა ბრეტონმა.

მისი თქმით, აღნიშნული დაკავშირებულია კორონავირუსის პანდემიის კრიზისთან, ასევე სანავთობო და გაზის საბადოების დახურვასთან, რომელმაც გამოიწვია წინადადებების შემცირება ენერგომატარებლების ბაზარზე. „ჩვენ გვაქვს ელ-ენერგიის ბევრი განახლებადი წყარო, თუმცა მხოლოდ ახლა გავიგე, რომ ბოლო 6 კვირაა ევროპაში არ ყოფილა ქარი. შესაბამისად, წარმოებულ იქნა ბევრად ნაკლები ელ-ენერგია, ვიდრე მოველოდით“ - დასძინა მან.

ბრეტონის აზრით, არსებული სიტუაციის კიდევ ერთი მიზეზი დამალულია „გეოპოლიტკურ დაძაბულობაში“ და „ცალკეული ევროპული ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის ზედმეტად დამოკიდებულება რუსულ გაზზე“.

შეგახსენებთ, 15 სექტემბერს ევროპაში გაზის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ათას კუბურ მეტრზე 970 დოლარი შეადგინა, თუმცა ეს ზრდის ტემპი შემდეგ შენელდა.

კოკა კვირკველია