Nike-ს პროდუქციის მიწოდებასა და მომარაგებაში პრობლემები აქვს

სპორტული ტანსაცმლის ამერიკულ გიგანტ Nike-ს გლობალური მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო საქონლის დეფიციტი და მომარაგებაში ხარვეზები აქვს. BBC კომპანიის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ფეხსაცმლის წარმოება და მიწოდება მომავალი წლის გაზაფხულამდე გართულდება, რადგან მომარაგების პრობლემებსა და აზიაში მუშახელის დეფიციტს ებრძვის. ამ ჩავარდნების გამო Nike-მა გაყიდვების წლიური პროგნოზი შეამცირა.

„დაზღვეული არ ვართ მიწოდების ჯაჭვის შემხვედრი ქარისგან, რომელიც წარმოებასა და მსოფლიოს მასშტაბით პროდუქციის გადაადგილებას ართულებს. მოველით, რომ ეს ფაქტორები ყველა რეგიონზე მოახდენს ზეგავლენას,“ - განუცხადა BBC-ის კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, მეთიუ ფრენდმა.

ტელეკომპანიის ცნობით, Nike-ის ვიეტნამისა და ინდონეზიის ქარხნები, რომლებიც სპორტული ფეხსაცმლის სამ-მეოთხედს აწარმოებენ, ადგილობრივი ლოქდაუნებით დაზარალდნენ. მხოლოდ ვიეტნამში მიმდინარე წელს ფირმას წარმოების წყვეტის 10-კვირიანი ზარალი დაუჯდა. ამასთან, აზიიდან ჩრდილო ამერიკაში პროდუქციის მიწოდებისთვის საჭირო დრო ორჯერ გაიზარდა - 40-დან 80 დღემდე.

Nike, ასევე, ხაზს უსვამს ტრანზიტის დროის გაზრდას ჩრდილოამერიკაში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

„მიზეზი პორტებისა და რკინიგზის გადატვირთვა, ასევე, მუშახელის უკმარისობაა,“ - აცხადებს მეთიუ ფრენდი.

გასულ კვირას რეკორდული 73 კონტეინერმზიდი აშშ-ს ორ ძირითად პორტთან, ლონგ ბიჩსა და ლოს ანჯელესთან რიგში იყო თავმოყრილი, რადგან პორტების თანამშრომლები ცდილობდნენ, ჩამორჩენილი გრაფიკი გაესწორებინათ. BBC-ის ცნობით, კოვიდპანდემიამდე ნავსადგურში ერთზე მეტი მომლოდინე გემის დაფიქსირება მეტად უჩვეულო შემთხვევას წარმოადგენდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ