„მოსაუბრე ფოტოების“ სტარტაპით მომხმარებელს ნებისმიერი ფოტოს გაცოცხლება და ალაპარაკება შეუძლია

კომპანია D-ID-მა „მოსაუბრე ფოტოების“ სტარტაპი ჩაუშვა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ფოტოები ინდივიდუალურ ფოტორეალისტურ ვიდეოებად გადააქციოს. სტარტაპების პორტალი TechCrunch წერს, რომ მანამდე ამ კომპანიის ტექნოლოგიებით სენსაციური აპლიკაცია MyHeritage შეიქმნა, რომელმაც კლასიკური ოჯახური ფოტოები რეალისტურ მოძრავ პორტრეტებად გადააქცია.

„ამჯერად ულტრარეალისტურ ვიდეოებად გადაქცეულ უძრავ ფოტოებს შეუძლიათ, ისაუბრონ ყველაფერზე, რასაც თქვენ მოისურვებთ,“ - წერს TechCrunch. სტარტაპ-აპლიკაცია მარტივია და მისი საბაზისო ფუნქციებისთვის განსაკუთრებული ცოდნა საჭირო არ არის.

კომპანიამ თავისი ახალი პროდუქტი „მოსაუბრე პორტრეტები“ (Speaking Portraits) კონკურს TechCrunch Disrupt 2021-ის პირდაპირ ეთერში წარადგინა. 2018 წელს D-ID კონკურს TechCrunch Battlefield-ზე დებიუტანტი იყო, როცა სულ სხვა მიმართულების სტარტაპი, სახის ამოცნობის ტექნოლოგია წარადგინა.

კომპანიამ ახალი აპლიკაციის გამოყენების სხვადასხვა ვარიანტის პრეზენტაცია მოაწყო, მათ შორის იყო მრავალ ენაზე მოლაპარაკე ტელეწამყვანის შექმნის ტექნოლოგიაც, რომელსაც სხვადასხვა ემოციის გამოხატვაც შეუძლია.

D-ID-ის აპლიკაცია MyHeritage-მა მოკლე ვადაში Apple-ის App Store რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. Apple-ის გარდა, კომპანიის კიდევ ერთი მსხვილი კლიენტი კინოსტუდია Warner Bros. Pictures-ია.

„მოსაუბრე პორტრეტები როგორც მსხვილი, ისე მცირე კლიენტებისთვისაც არის განკუთვნილი და ნებისმიერს აძლევს საშუალებას, ფოტოსურათის წყაროსგან და დამატებით ჩაწერილი მეტყველებით ან წინასწარ აკრეფილი ტექსტით სრული HD ვიდეო შექმნას,“ - აცხადებს D-ID-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, გილ პერი. მისი თქმით, ამ სახის პროგრამების ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. საწყის ეტაპზე აპლიკაცია ინგლისურ, ესპანურ და იაპონურ ენებზე ჩაეშვა, თუმცა მომხმარებელთა მზარდი ინტერესის შედეგად, მომავალში სხვა ენებიც დაემატება.

D-ID-ის სტარტაპი მომხმარებელს სთავაზობს „მოსაუბრე პორტრეტის“ ორ ძირითად კატეგორიას: „ერთი პორტრეტი“ (Single Portrait) რომლის შექმნაც მხოლოდ ერთი გამოსახულების გამოყენებით არის შესაძლებელი. „ერთ პორტრეტში“ მხოლოდ თავი არის ანიმაციური, ხოლო გამოსახულების სხვა ნაწილები სტატიკური რჩება. მეორე კატეგორია, „დატრენინგებული პერსონაჟი“ (Trained Character) არაჩვეულებრივი რეალობის ასახვას ითვალისწინებს, რომლის შექმნისთვისაც მომხმარებელი კომპანიის 10-წუთიან ვიდეო-ინსტრუქციას უნდა გაეცნოს. ამ კატეგორიაში გამოსახულებაზე შესაძლებელია როგორც ფონის შეცვლა, ისე პერსონაჟის მთელი სხეულის ანიმაცია. სწორედ „დატრენინგებული პერსონაჟის“ კატეგორიით არის შექმნილი აპლიკაცია „მოსაუბრე ფოტოების“ ტელეწამყვანიც (https://www.youtube.com/watch?v=nV_sLx3PceU)

მოამზადა ლადო სულაბერიძემ