თურქული გაზის ფიუჩერსებზე ვაჭრობა 1-ლი ოქტომბრიდან იხსნება

თურქეთის ბუნებრივი გაზის ფიუჩერსების ბაზარი (NFM) ვაჭრობისთვის 1-ელ ოქტომბერს გაიხსნება. ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე და EXIST-ის ხელმძღვანელმა, აბდულა თანკანმა სააგენტო Anadolu-ს განუცხადა, რომ ბაზრის მონაწილეებს ფასების პროგნოზირებისა და მერყევ ფასებთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციის საშუალება ექნებათ.

„როცა NFM-ზე ფიუჩერსულ კონტრაქტებზე განაცხადების მიღება დაიწყება, ბაზრის მონაწილეები თავიანთი პორტფელების მართვას გრძელვადიანი პერსპექტივითა და უფრო მოქნილად შეძლებენ. მონაწილეები ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გაყიდვების ფასებს წინასწარ განსაზღვრავენ,“ - აცხადებს აბდულა თანკანი.

ის NFM-ზე ვაჭრობის მოცულობის გაზრდის შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის უფრო კონკურენტულ საცნობარო ფასებს ელოდება, რაც, თანკანის თქმით, მომავალში რისკებს ამცირებს და მიწოდების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

აბდულა თანკანი ფიუჩერსების ბაზარზე შავი ზღვის გაზით ვაჭრობის შესაძლებლობასაც უშვებს, რომლის წარმოებაც 2023 წლისდან იწყება.

„თურქეთის ბუნებრივი გაზის ბაზარი, თავისი დივერსიფიცირებული წყაროებითა და შავ ზღვაში წარმოებით, კონკურენტულ საცნობარო ფასს დაადგენს. NFM-ის გახსნას ვუყურებთ, როგორც ჩვენი ქვეყნის წინსვლას, რაც გაზის სავაჭრო ცენტრად გადაქცევის მიზანთან დაგვაახლოვებს,“ - აცხადებს თანკანი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ