Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 80 დოლარს მიუახლოვდა

ნავთობის ფასმა ახალი კვირაც ზრდით დაიწყო. Brent-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელში 80 დოლარს მიაღწია. ეს კი 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფასის ზრდის მთავარი მამოძრავებელი, მსოფლიოს არაერთ რეგიონში მოთხოვნის ზრდაა, რასაც თავის მხრივ, პანდემიური შეზღუდვების შემსუბუქება იწვევს.

Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასმა დღეს 79.52 დოლარს მიღწია. ამ მარკის ნედლი ნავთობის ფასი უკვე ზედიზედ მესამე კვირაა, რაც იზრდება. რაც შეეხება ამერიკულ დასავლეთ ტექსასურ საშუალოს (WTI), მისი ბარელი 75.42 დოლარი ღირს, რაც ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. WTI-ს ფასი ზედიზედ ხუთი კვირაა, იზრდება.

ახლახანს „გოლდმენ საქსმა“ თავისი საპროგნოზო ფასი 10 დოლარით გაზარდა. მისი ანალიტიკოსების ვარაუდით, წლის ბოლომდე ბარელის ფასი 90 დოლარამდე გაიზრდება. ზრდის მთავარი სტიმულებია: აშშ-ში ქარიშხალ იდას მიერ გამოწვეული წარმოების შეფერხება და გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების მაღალი ტემპი.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიწოდება-მოთხოვნას შორის არსებული უთანაბრობა იმაზე მეტია, ვიდრე ვვარაუდობდით. ვირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების მიუხედავად, ეკონომიკა მაინც სწრაფად უმჯობესდება. ეს იმ ფონზე, როცა გლობალურ ბაზარზე მიწოდება კვლავაც შეფერხებულია“, - ნათქვამია „გოლდმენის“ მოხსენებაში.

ამის ფონზე, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) და მისი პარტნიორი ქვეყნები (OPEC+), მიწოდების მოცულობის შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ზოზინობენ. მათი უმოქმედობის მიზეზი ისიცაა, რომ პანდემიის პირობებში, მოთხოვნა ნებისმიერ მომენტში შეიძლება შემცირდეს.