მსოფლიოში ნავთობის გაძვირების პარალელურად საქართველოში საწვავის ღირებულება მცირდება

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, მსოფლიოში ნავთობის ფასი ზრდის ტენდენციას ავლენს და არსებული მდგომარეობით, ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულებამ 80 აშშ დოლარს მიაღწია, საქართველოში საწვავის ღირებულება მცირდება.

სტატისტიკის მიხედვით, გასული ერთი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავზე ფასების საშუალო თვიური შემცირება 1.87%-ია.

რაც შეეხება კონკრეტულად საწვავის ტიპებს - ერთ თვეში Regular 92 ტიპის ბენზინზე ფასი 6.55%- ით შემცირდა და საშუალოდ 2,81 ლარი შეადგინა. Super-ის ფასი 2.55%-ით შემცირდა და საშუალო ღირებულებამ დაახლოებით, 3,1 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, 3.03%-ით შემცირდა Premium-ის ტიპის ბენზინი და მისი საშუალო ღირებულება ბაზარზე 3,15 ლარი გახდა. ხოლო დიზელის ტიპის საწვავზე ერთ თვეში ფასები 2.72%-ით შემცირდა და ერთი ლიტრის ღირებულებამ საშუალოდ 2,87 ლარი შეადგინა.

აქვე ყურადსაღებია ისიც, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში თხევადი გაზის (LPG) ფასი ქვეყანაში 5.48%-ით გაიზარდა და საშუალო ფასმა 1,9 ლარი შეადგინა. სწორედ თხევად გაზზე ფასების ზრდის გამოა საშუალო კლების მაჩვენებლის 1.87%-იანი დონე.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად ერთ თვეში ფასების შემცირების ტენდეციისა, წლიური ჭრილის სურათი გაცილებით მძიმეა იმდენად, რამდენადაც ფასების დონის პროცენტული ზრდის ტემპი გაცილებით მაღალი და თვალშისაცემია. კერძოდ, ამ გასული ერთი წლის განმავლობაში საწვავის ფასის საშუალო ზრდამ 46.6% შეადგინა.

ნოდარ სირბილაძე