მთავრობა „სურსათის ბანკის“ შექმნაზე მუშაობს

მთავრობა „სურსათის ბანკის“ შექმნაზე მუშაობს.

კერძოდ, სურსათის ბანკის შექმნასა და სურსათის მარაგების სწორად მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხატია წილოსანის და საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკის სამსახურის უფროსის, ფრანსუა ჰენრი კლოარეკს შორის გამართულ შეხვედრაზე.

„აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, „კარფურთან“ თანამშრომლობითა და გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის ერთობლივი ხედვით, საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგება იგეგმება, რომელიც სურსათის მარაგების სწორად განაწილებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივა ქვეყნის მასშტაბით, უვნებელ სურსათზე კიდევ უფრო მეტ ხელმისაწვდომობას გახდის შესაძლებელს. ფრანგული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საფრანგეთის საელჩოს ატაშესთან შეხვედრაზე, საელჩოს მხრიდან ქართველი სპეციალისტებისთვის საფრანგეთში სასწავლო ვიზიტის უზრუნველყოფის მზადყოფნა გამოითქვა, რაც ჩვენ სპეციალისტებს სურსათის მარაგების მართვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცოდნას შესძენს“, - განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში „საკვების ბანკის“ შექმნის შესახებ, საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს რამდენიმე თვის წინ მოქალაქე დავით მებაღიშვილმაც მიმართა. როგორც საკანონმდებლო წინადადებაში იყო აღნიშნული, იდეა უკავშირდებოდა საკვების გაფლანგვასთან მიმართებაში შესაქმნელ სტრატეგიას.

თაია არდოტელი