ივანიშვილის ნაჩუქარი „ბლექ სი არენა“ მე-4 წელია ზარალზე მუშაობს - 2020 წელს საწარმომ 4 მლნ-ის სუბსიდია მიიღო

შპს „ბლექ სი არენამ“ 2017-2018-2019 წლების მსგავსად 2020 წელიც ზარალით დაასრულა. ამის შესახებ საკონცერტო დარბაზის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა.

უფრო დეტალურად კი, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ბლექსის“ წლის ზარალმა 4,573 მლნ შეადგინა. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, საწარმოს შემოსავალმა კომერციული საქმიანობებიდან - 46 ათასი ლარი; საოპერაციო ხარჯებმა კი 4,887 მლნ ლარი შეადგინა. გარდა ამისა, როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, „ბლექსის“ სახელმწიფო სუბსიდიებიდან შემოსულობებმა პანდემიურ 2020 წელს 4 მლნ ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ ოზურგეთის რაიონის, სოფელ ნატანებში (შეკვეთილი), 2016 წლის 15 ივლისს დაფუძნდა. ის ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზია საქართველოში და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება კულტურის, ხელოვნებისა და გართობის ინდუსტრიის სფეროში საქმიანობაა.

ცნობისთვის, დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა დაახლოებით, 115 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, 2016 წლის 10 ივლისს არენა ფონდმა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში შპს „ბლექ სი არენა“ მთავრობის გადაწყვეტილებით, მართვის უფლებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა.

თაია არდოტელი