ავღანეთის საბანკო სისტემა კოლაფსის წინაშეა

ავღანეთის საბანკო სისტემა კოლაფსის წინაშეა - ამის შესახებ ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბანკის მმართველმა BBC-ს განუცხადა.

ავღანეთის Islamic Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი, საიედ მუსა კალიმ ალ ფალაჰი აცხადებს, რომ ქვეყნის ფინანსური სექტორი „ეგზისტენციალური კრიზისის“ ზღვარზეა, რადგან მომხმარებლები პანიკაში არიან.

„ამ მომენტისთვის დიდი მოცულობის სახსრების გადინება ხდება. თანხები მხოლოდ გადის და არაფერი შემოდის, ხოლო ბანკების უმეტესობა არ ფუნქციონირებს,“ - აცხადებს კალიმ ალ ფალაჰი, რომელიც ქაბულის ქაოსის გამო დროებით დუბაიში გადასახლდა.

BBC-ის ცნობით, ავღანეთის ეკონომიკა ჯერ კიდევ აგვისტომდე, ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლამდეც შერყეული იყო. ის ძირითადად უცხოურ დახმარებაზეა დამოკიდებული. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში საერთაშორისო დახმარების წილი 40%-ია. ამას ისიც დაემატა, რომ ხელისუფლებაში თალიბების მოსვლის შემდეგ, დასავლეთმა ავღანური აქტივები, მათ შორის მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი დახმარება გაყინა.

„ეს თალაიბანს აიძულებს, ალტერნატიული ფინანსური წყაროები ეძებოს. ისინი რუსეთისა და ჩინეთის დახმარების იმედად არიან და ამას სხვა ქვეყნებისგანაც მოუთმენლად ელოდებიან. ადრე თუ გვიან, მათთან საერთო ენას გამონახავენ,“ - აცხადებს ალ ფალაჰი.

BBC-ის ცნობით, ჩინეთი უკვე ალაპარაკდა იმაზე, რომ თალიბანთან ითანამშრომლებს და მათ ავღანეთის აღდგენაში დაეხმარება. პეკინის სახელმწიფო გამოცემა Global Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ „ჩინეთსა და ავღანეთს შორის თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი არსებობს და ქვეყნის აღდგენის პროცესში ჩინეთი წამყვანი მოთამაშეა.“ პეკინმა უკვე 200 მლნ იუანის (31 მლნ დოლარის) გამოყოფის პირობა დადო, რაც ქაბულისთვის საკვები პროდუქტებისა და კორონავირუსის ვაქცინის მიწოდებასაც გულისხმობს. თუმცა ეს არასაკმარისია და ამჟამად თალიბანი ეკონომიკური პრობლემების მოგვარების დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება.

„ინფლაცია სწრაფად იზრდება. ქვეყნის ვალუტა მკვეთრად უფასურდება და ხალხი სასოწარკვეთილია, რადგან ბევრმა სამსახური დაკარგა და ნაღდი ფულის ნაკლებობას განიცდის,“ - იუწყება BBC.

გაეროს სურსათის პროგრამის გამაფრთხილებელი ანგარიშით, ყოველდღიური საკმარისი საკვები ავღანური ოჯახების მხოლოდ 5%-ს აქვს. გამოკითხულთა ნახევარი აცხადებს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სულ ცოტა, ერთი დღე საკვები საერთოდ არ გააჩნდათ. BBC-ის შეფასებით, საერთაშორისო ფონდებზე წვდომა და უცხოური დახმარება ავღანეთის გადარჩენის გასაღებია.

აშშ თალიბანთან თანამშრომლობისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს, რაშიც ქალებისა და უმცირესობების მიმართ რეჟიმის მოპყრობაც შედის. ალ ფალაჰის მტკიცებით, მიუხედავად თალიბანის განცხადებებისა, რომ ქალებს გარკვეულ პერიოდში მუშაობის უფლება არა აქვთ, მის ბანკში ისინი სამუშაოს უბრუნდებიან.

„თავიდან ქალებში შიში გაჩნდა და სამსახურში არ დადიოდნენ, მაგრამ ახლა ისინი ოფისებს ნელ-ნელა უბრუნდებიან,“ - აცხადებს ავღანელი ბანკირი.

აქვე BBC-ის პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იმრან ხანთან ჩაწერილი ბოლოდროინდელი იტერვიუ მოჰყავს, სადაც ის აცხადებს, რომ თალიბანი ცდილობს, თავის წარსულთან შედარებით, მსოფლიოს უფრო თანამედროვე და რეფორმირებული სახე უჩვენოს.

„ეს, ასე ვთქვათ, თალიბანი-2-ია. ამ მომენტისთვის მათი მმართველობა მართლაც შედარებით რბილია, არანაირ მკაცრ წესებს არ აწესებენ და თანამშრომლობისთვის მზად არიან,“ - აცხადებს პაკისტანის პრემიერი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ