„სპუტნიკ V“-ით ვაქცინირებულები აშშ-ში ვერ შევლენ - შეუშვებენ თუ არა შტატებში Sinopharm-ით და Sinovac-ით აცრილებს

ნოემბრიდან აშშ-ში შესვლა აეკრძალება ყველას, ვინც იმ ვაქცინით არის აცრილი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ დაუმტკიცებია. მათ შორის არის რუსული „სპუტნიკ V.“ ინფორმაციას Washington Post ავრცელებს.

შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ მალე გახსნის საზღვრებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი უცხოელი მოგზაურებისთვის, რითიც პანდემიის დაწყების შემდეგ, ვიზიტორთა ფართო სპექტრისთვის შეზღუდვები პირველად შემსუბუქდება.

თუმცა ახალი წესები, რომელიც ნოემბრიდან ამოქმედდება, აშშ-ში შესვლას მრავალი მოგზაურისთვის, ვინც თავს სრულად იმუნიზირებულად მიიჩნევს, მაინც ზღუდავს. მათ შორის, არის მილიონობით ადამიანი, რომელიც რუსული „სპუტნიკ V“-ის ორივე დოზით არის ვაქცინირებული. ფართო გაგებით, აშშ-ს გეგმა არის კიდევ ერთი დარტყმა „სპუტნიკ V“-ის მწარმოებლებისთვის, რითიც მოსკოვი ამაყობს და მას კორონავირუსის პირველ ვაქცინად ასაღებს. რეალურად საზღვარგარეთ შეზღუდული მიღებისა და ნელი მიწოდების მაჩვენებლის გამო, „სპუტნიკ V“ მხოლოდ დასავლურმა ვაქცინებმა კი არა, ჩინელი მწარმოებლების ვაქცინებმაც ჩამოიტოვა.

აშშ -ს ახალი გეგმით, ქვეყანაში შესვლის მსურველების უმრავლესობა აცრილი უნდა იყოს ვაქცინით, რომელიც აშშ-ს წამლის სააგენტოს ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გადაუდებელი გამოყენების ვაქცინად არის აღიარებული. ასეთია Pfizer-ისა და Moderna-ს მიერ დამზადებული ვაქცინები, ასევე, ჩინური კომპანიების, Sinopharm-ისა და Sinovac-ის მიერ შემუშავებული პრეპარატები.

„სპუტნიკ V“ ჯანმო-ს მიერ დამტკიცებული არ არის. მეტიც, ორგანიზაციამ ამ კვირაში განაცხადა, რომ რუსეთის ქარხნებში წარმოების დაბალი პრაქტიკისა და სტანდარტების დარღვევის გამო, ჯანმო-მ ვაქცინის შემოწმების პროცესი შეაჩერა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ