ქუთაისსა და კრაკოვს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა

დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა. ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პირველ რეისს კრაკოვიდან 133 მგზავრი ჩამოყვა და მათი უმრავლესობა პოლონეთის მოქალაქეა.

პანდემიის შემდეგ პირველ განახლებულ რეისთან დაკავშირებით მგზავრებს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

,,ნაყოფიერი გამოდგა საქართველოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის Wizz Air-ის ვიზიტი. ჩვენთან შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად, სულ ცოტა ხანში კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ კრაკოვსა და ქუთაისს შორის პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა აღედგინა. ამ ეტაპზე, Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს 9 ქვეყნის 15 მიმართულებით ასრულებს. რეგულარული ავიამიმოსვლის განახლებიდან, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 80 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ევროპის უძველესი ქალაქი კრაკოვი პოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულებაა, სადაც მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი.

მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე, ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა მგზავრებს პოლონეთის 5 ქალაქში: ვარშავაში, გდანსკში, ვროცლავში, კატოვიცესა და კრაკოვში შეუძლიათ.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და ახალი მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.