ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხების რაოდენობა გაორმაგებულია - ალექსანდრე ძნელაძე

“ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხების რაოდენობა არის გაზრდილი, პრინციპში, გაორმაგებულია“,- ამის შესახებ საბანკო ასოციაციაციის ხელმძღვანელმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "საქმე" განაცხადა. თუმცა, როგორც ალექსანდრე ძნელაძემ აღნიშნა, ეს არ არის კრიტიკული ზღვარი და „ბევრად უკეთესი მდგომარეობაა საკრედიტო პორტფელის ხარისხის თვალსაზრისით, ევროპულ ქვეყნებთან მიმართებითაც კი“.

„ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხების რაოდენობა არის გაზრდილი, პრინციპში, გაორმაგებულია. მაგრამ ეს არ არის არც კრიტიკული ზღვარი და ამასთან ერთად, ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ ბევრად უკეთესი მდგომარეობაა საკრედიტო პორტფელის ხარისხის თვალსაზრისით, ევროპულ ქვეყნებთან მიმართებითაც კი. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ იმ გადავადებების, რესტრუქტურიზაციების ფონზე, მსესხებლებმა შეძლეს რეაბილიტაცია და გადახდების გაგრძელება.

არასტანდარტულ სესხებში შედის რესტრუქტურიზებული სესხებიც, რომელიც ამობრუნდება. ანუ შესაძლებელია, რომ ისევ სტანდარტულ სესხად ვაღიაროთ უკვე მომავალი წლიდან. როგორც იცით, რესტრუქტურიზაციები გრძელდება. არათუ არ ჩართულა გრაფიკები, არამედ გრძელდება. წლევანდელი სეზონი საკმაოდ ნორმალური იყო ტურისტული მიმართულებებით, მაგრამ ვერ შეედრება წინა პერიოდის შემოსავლებს და ამ თვალსაზრისით გრძელდება მუშაობა მსესხებლებთან. და, რჩება მიმართულებები, რომლებზეც ჯერჯერობით კიდევ ველოდებით, რა მოხდება ამ კუთხით. აქედან გამომდინარე, მაღალ რისკიანად არის შეფასებული ეს პორტფელი და ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კუთხით არის პრობლემები. თუმცა, შემცირებისკენ წავიდა ტენდენცია, უკვე მეორე კვარტლიდან, როგორც ვადაგადაცილებული სესხების, ასევე არასტანდარტული სესხების შემცირება დაიწყო და უკეთესობის მოლოდინში ვართ“,- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ნინი ქეთელაური