სწრაფი სესხები და განვადებები - რა ქონებას ფლობს მექსიკაში საქართველოს ახალი ელჩი

ყოფილი დეპუტატი ზაზა გაბუნია თითქმის ერთი თვეა მექსიკაში, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ყოფილი პარლამენტარი, რომელიც იქამდე ნაძალადევის გამგებელიც იყო.

დეკლარაცია გაბუნიას 2020 წლის 31 ოქტომბერს აქვს შევსებული, რომლის თანახმადაც მის სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება. მისი მეუღლის, ნუცა შავლაძის სახელზე კი რეგისტრირებულია: არასაცხოვრებელი ფართი მცხეთაში, მისაქციელში - 17,34 კვ.მ, რომელიც 2014 წელს 55 აშშ დოლარად შეიძინა, ასევე მისაქციელში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ესეც იმავე წელს 55 აშშ დოლარად აქვს შეძენილი. ასევე საცხოვრებელი სახლი მისაქციელში 255.3 კვ.მ , რომელიც ასევე 55 აშშ დოლარადაა ნაყიდი.

ოჯახის სახელზე სხვა უძრავი ან მოძრავი ქონება არ ფიქსირდება. მათ შორის, არც საცხოვრებელი ბინა თბილისში.

დეკლარაციის შევსების მომენტში ზაზა გაბუნია აღებული ჰქონდა ჯამში 18 სწრაფი სესხი და განვადება, ასევე ერთი ოვერდრაფტი. ყველა სესხი 2018-2019 წლებშია აღებული. გაბუნიას მეუღლის სახელზე იყო ,,თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო ბარათზე 682,58 ლარი, ხოლო თავად გაბუნიას სახელზე, ამავე ბანკში მიმდინარე ანგარიშზე 849,81 ლარი.

თამარ მუკბანიანი