სავალდებულო ვაქცინ-ქარდები და Turkovac-ით ვაქცინირება - თურქეთმა ორეტაპიანი „ზამთრის გეგმა“ შეიმუშავა

თურქეთმა კოვიდთან ბრძოლის ე.წ. ზამთრის გეგმა შეიმუშავა და სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებში, კაფეებსა და სხვა საჯარო დახურულ სივრცეებში ვაქცინირების ქარდების სისტემის დანერგვას აპირებს. ინფორმაციას თურქული სააგენტო Hürriyet ავრცელებს.

HES კოდის წარდგენის ნაცვლად, რომელიც თურქული სისტემაა და ადგენს, არის თუ არა პირი ინფიცირების რისკის მატარებელი, თურქეთის მოქალაქეებს დაწესებულებებში ვაქცინის ბარათების წარდგენა მოუწევთ.

გარდა ამისა, „ზამთრის გეგმა“ ადგილობრივი ვაქცინის, Turkovac-ის განვითარება-დაწინაურებასაც ითვალისწინებს, რაც გეგმის მეორე ეტაპია. სავარაუდოდ, Turkovac-ის გამოყენება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში დაიწყება. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ვაქცინის აქტივაცია მოსახლეობაში ვაქცინაციის შიშებს გაფანტავს და აცრებზე ნდობას გაზრდის. Hürriyet წერს, რომ Turkovac ჩინურ Sinovac-ზე ეფექტიან ვაქცინად ითვლება.

დაგეგმილია, რომ ყოველდღიურად Turkovac-ის, მაქსიმუმ, 300 000 ვაქცინა აწარმოონ, რაზეც მთავრობამ სამ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ადგილობრივი ვაქცინის მესამე საცდელი ფაზა, რომელიც 30 სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობდა, დასრულდა.

დღეს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჩამ განაცხადა, რომ 17 წლამდე ასაკის ჯგუფებში, სკოლების ხელახალი გახსნიდან ბოლო სამ კვირაში ინფიცირების შემთხვევები გაორმაგდა.

„ჩვენი აქტიური შემთხვევების საშუალო მაჩვენებელი 400 000-ია, ხოლო საერთო შემთხვევების მეოთხედი სწორედ 17 წლამდე ასაკის ჯგუფებში გამოვლინდა“ - აცხადებს მინისტრი.

მან ასევე აღნიშნა, რომ უცხოეთიდან შემოტანილ ვაქცინებთან ერთად, მოსახლეობას ალტერნატიულ ვარიანტად Turkovac-ს შესთავაზებენ და ადამიანებს საშუალება ექნებათ, არსებული ვაქცინებიდან სასურველი აირჩიონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ