ფასანაური-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი დღის ბოლომდე გაიხსნება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ზაზა აგულაშვილის ინფორმაციით, ფასანაური-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი დღის ბოლომდე გაიხსნება.

მისი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს გზის სრული გაწმენდითი სამუშაოები. "საავტომობილო გზა ცალმხრივად გავხსენით და მოხდა გუდაურიდან იმ ხალხის გამოყვანა, რომელთა გამოყვანაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა. ახლა მიმდინარეობს გზის სრული გაწმენდა, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება. ამჟამად მიმდინარეობს იმ მონაკვეთების გაწმენდა, სადაც ზვავი ჩამოწვა", - განაცხადა აგულაშვილმა.

მისივე თქმით, გუდაური-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტიდან მიიღებენ შეტყობინებას ზვავის საშიშროების მოხსნის შესახებ.