„სექტორი განახევრებულია და პრობლემებით უბრუნდება ბაზარს“ - რა გამოწვევებით ხვდებიან კერძო ბაგა-ბაღები 4 ოქტომბერს

4 ოქტომბერს 170 ბაღიდან ბაზარს მხოლოდ 50-დან 60-მდე კერძო საბავშვო ბაღი დაუბრუნდება - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საგანმანათლებლო (კერძო საბავშვო-ბაღების) ასოციაცია “ნათის” აღმასრულებელმა დირექტორმა, გიგი სისვაძემ განაცხადა.

როგორც ცნობილია, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, გაიხსნება საბავშვო ბაღებიც.

კერძო ბაღები კი, როგორც გიგი სისვაძე ამბობს, სხვა პრობლემებთან ერთად, კადრების დეფიციტსაც განიცდის.

,,სექტორი განახევრებულია და პრობლემებით უბრუნდება ბაზარს. პანდემიის დასაწყისში ოფიციალური მონაცემებით, 170 კერძო ბაღი იყო, ახლა კი, 50-დან 60 ბაღამდეა საქართველოს მასშტაბით. სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ არის, დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ვერ მივიღეთ სუბსიდირება და ასიგნებები, რომელიც სახელმწიფოსგან იყო გამოყოფილი, ის სექტორამდე ვერ მოვიდა. ისეთი ფილტრები იყო ჩაყენებული პირველ ორ ეტაპში, რაც არ იყო ჩვენზე მორგებული. შემდეგ, შეგვპირდნენ მესამე ეტაპს, რომელიც არ გამოცხადდა. კოვიდ პანდემიის შედეგად, ყველაზე მეტად სექტორის ეს, კერძო ნაწილი დაზარალდა. ზოგს, მინიმალური საშუალებებით მაინც შეეძლო არსებობა და ჩვენ, არსებობის არავითარი საშუალება არ გვქონდა.

ახლა კადრების ძალიან სერიოზული დეფიციტია, რადგან გადინება მოხდა. ბენეფიციარები, რომელიც ბაღებში ვერ დადიოდნენ ბინებში ასაქმებდნენ ბაღის ყოფილ თანამშრომლებს კერძო ძიძებად. ასევე, შემცირებულია თავად ბენეფიციართა რაოდენობა და არ არსებობს არც ერთ სეგმენტში განცდა, რომ დახურვა კიდევ არ მოხდება. ასევე არის ფართების საიჯარო დავალიანებები. გახსნასაც ბევრი ფინანსები სჭირდება გამკაცრებული ჰიგიენური და უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე. ფინანსების მოძიება კი რთულია, რადგან ძირითად ნაწილს უკვე გაპრობლემებული აქვს სესხები. ამ რთულ მდგომარეობაში, სექტორის ნაწილი, რომელიც გადარჩა, პოზიტიური მოლოდინით უბრუნდება ბაზარს და ვიმედოვნებთ, რომ დავუბრუნდებით თავდაპირველ მდგომარეობას“- განაცხადა გიგი სისვაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, ბაღებს ფუნქციონირების განახლების უფლება 1-ელ მარტს მიეცათ. მესამე ტალღის დაწყების შემდეგ კი ფუნქციონირება კვლავ შეეზღუდათ.

თამარ მუკბანიანი