70 ობიექტი გაკოტრდა, გვაქვს კადრების დეფიციტიც -  ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაცია

გასართობი ცენტრები ბაზარს 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან, თუმცა მთავარი პრობლემა კადრების დეფიციტია. ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მთიულიშვილის თქმით, პანდემიამდე ობიექტების რაოდენობა 120 იყო, თუმცა ამჟამად მხოლოდ 50 ობიექტი იხსნება.

„120 ობიექტი იყო პანდემიამდე, 70 ობიექტი სრულად გაკოტრდა. ამჟამად არის 50 ობიექტი, რომელთა გახსნის უფლებაც მთავრობის გუშინდელი ინფორმაციით, 4 ოქტომბრიდან გვექნება. თუმცა გახსნა არ ნიშნავს მხოლოდ გახსნას. დახურული ბიზნესის გამო გვაქვს კადრების მოძიების პრობლემა, შესაბამისად, შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა, ზუსტი რიცხვის დასახელება გამიჭირდება, თუმცა დიდმა რაოდენობამ ქვეყანა დატოვა, ზოგი სხვაგან გადავიდა სამუშაოდ, ზოგი კი სოფელში წავიდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ამ მხრივ შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მოძიებაა, ან თუნდაც კადრების დატრენინგება, რადგან ეს ყველაფერი დამატებით რესურსებთანაა დაკავშირებული. პანდემიის პირობებში კი რესურსების მოძიება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული,“- ამბობს მთიულაშვილი.

გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს იმასაც, რომ სამუშაო 2500-მა თანამშრომელმა დაკარგა.

ქრისტინე კაპანაძე