შვეიცარიაში კრიპტოაქტივების პირველი საინვესტიციო ფონდი შეიქმნა

Reuters შვეიცარიის ფინანსური ბაზრის საზედამხედველო ორგანოს განცხადებას ავრცელებს, რომელმაც კრიპტოაქტივების პირველი საინვესტიციო ფონდი დაამტკიცა.

„კრიპტობაზრის ინდექსის ფონდი (Crypto Market Index Fund) მხოლოდ კვალიფიციური ინვესტორებისთვის შეიქმნა და „ალტერნატიული ინვესტიციების ფონდების“ კატეგორიას განეკუთვნება,“ - ნათქვამია შვეიცარიის ფინანსური ბაზრის საზედამხედველო ორგანოს (Financial Market Supervisory Authority-FINMA) განცხადებაში.

კრიპტოაქტივები რეესტრით განაწილებულ ბლოკჩეინების ტექნოლოგიაზე არის დაფუძნებული.

„სერიოზული ინოვაციების ხელშეწყობისთვის FINMA ფინანსური ბაზრების შესახებ არსებული კანონების დებულებებს ტექნოლოგიურად ნეიტრალური გზით გამოიყენებს, რითიც უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ ახალ ტექნოლოგიებს არსებული კანონების გვერდის ავლით ვერ გამოიყენებენ,“ - აცხადებენ შვეიცარიელი მარეგულირებლები.

რადგან კრიპტოაქტივები განსაკუთრებულ რისკებს შეიცავს, FINMA-მა სპეციალურ მოთხოვნებს აყენებს, მათ შორის, ფონდი ინვესტიციას მხოლოდ საკმაოდ დიდი სავაჭრო მოცულობის დადგენილ აქტივებში განახორციელებს.

ამასთან ინვესტიციები ჩამოყალიბებული კონტრაგენტებისა და პლატფორმების მეშვეობით უნდა განხორციელდეს, რომლებიც ფინანსური ზომების შემუშავების ჯგუფის (Financial Action Task Force) წევრ-ქვეყნებში არის დაფუძნებული და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციებს ექვემდებარება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ