დანიამ კორონავირუსის საფრთხის გამო წაულას ბეწვის წარმოება 2023 წლამდე გადადო - ინდუსტრია ალტერნატიულ გზებს ეძებს

დანია კვერნისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარი ცხოველის, წაულას მოშენებაზე აკრძალვას 2023 წლამდე გააგრძელებს. ამის შესახებ დანიის სოფლის მეურნეობის მინისტრ რასმუს პრენმა განაცხადა - წერს Reuters-ი.

დანიაში წაულას მოშენება გასულ წელს აიკრძალა, როცა კორონავირუსი დანიის რამდენიმე ასეულ ფერმაში გავრცელდა. ამან მთავრობა აიძულა, ქვეყანაში ყველა წაულას განადგურების გადაწყვეტილება მიეღო.

თავიდან წაულას მოშენება 2022 წლამდე აიკრძალა, გუშინდელი კენჭისყრის შედეგად კი პარლამენტის წევრების უმრავლესობა აკრძალვის 2023 წლამდე გაგრძელებას დაეთანხმა. თუმცა გადაწყვეტილებას პარლამენტის რატიფიცირება მაინც სჭირდება. დეპუტატებმა ინფექციური დაავადებების წამყვანი ინსტიტუტის მიერ ივნისში გაცემული რეკომენდაცია გაიზიარეს, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის ბოლოდან წაულას მოშენების განახლება დანიელების ჯანმრთელობას კვლავ საფრთხეს შეუქმნის.

„გაზაფხულზე ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით და წაულას მოშენების მომავალს გადავწყვეტთ. გავითვალისწინებთ როგორც ჯანმრთელობის რისკებს, ასევე, ცხოველებისადმი მოპყრობის ეთიკას,“ - აცხადებს სამთავრობო სოციალ-ლიბერალური პარტიის ლიდერი, ზენია სტამპი.

გასული წლის ბოლოს დანიაში 15 მილიონზე მეტი წაულა მას შემდეგ გაანადგურეს, რაც მათ შორის კორონავირუსის მუტაციური შტამით დაავადების შემთხვევები გამოავლინეს და მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხედ მიიჩნიეს. ამ გადაწყვეტილებამ და ასევე, განადგურებული წაულას დამარხვის ეკოლოგიურმა პრობლემებმა პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენის მკაცრი კრიტიკა გამოიწვია.

დანიის ფერმებზე თითქმის ყველა წაულას განადგურებამ გასულ წელს ბეწვეულის ბიზნესი დააზარალა. ინდუსტრიის ლიდერები მოელოდნენ, რომ ისეთი ბრენდები, როგორიც არის Louis Vuitton, Dior და Fendi, მელიასა და ძუძუმწოვართა გვარის მღრღნელების ალტერნატიული რიგის, შინშილას ბეწვის შესყიდვაზე გადავიდოდნენ, რომ მიწოდების ხარვეზი ამოევსოთ.

ბეწვეულის გლობალური ბაზარი წელიწადში 22 მლრდ დოლარს აჭარბებს. ბეწვეულის საერთაშორისო ფედერაციის (IFF) მონაცემებით, წაულას უეცარი დეფიციტის შიშით, რომლის უდიდესი ექსპორტიორიც დანია იყო, აზიაში გასულ წელს ფასებმა 30%-ით მოიმატა.

დანიური ბეწვის უმსხვილესი მყიდველი ჩინეთია, რადგან ჩინური წაულას ბეწვი, ევროპულთან შედარებით, უფრო დაბალი ხარისხისაა. მიზეზი ის არის, რომ ევროპაში მეცხოველეობის სტანდარტები, ზოგადად, მაღალია. გლობალურ ბაზარზე წაულას ბეწვის შესყიდვებით მეორე ადგილზე რუსეთია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ