ადგილობრივების განცხადებით, ფასანაურს ელექტროენერგია და გაზი შეუფერხებლად მიეწოდება

ფასანაურის მცხოვრებლების ინფორმაციით, დიდთოვლობის მიუხედავად, რეგიონში ელექტროენერგიის და გაზის მიწოდების მხრივ სერიოზული პრობლემა არ შექმნილა.

"დიდთოვლობის მიუხედავად გაზიც, დენიც უპრობლემოდ მოგვეწოდება. ამ მხრივ რაიმე სერიოზული პრობლემა რეგიონში არ შექმნილა. თავად ფასანაურში საავტომობილო გზაც გაწმენდილია და შესაბამისად, რაიმე სერიოზული პრობლემები დიდთოვლობას არ გამოუწვევია", - აცხადებენ ადგილობრივები.

ფასანაურიდან გუდაურამდე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ფასანაურში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციას ფასანაურში, გუდაურისა და ყაზბეგის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი აქვს. აღნიშნულ მონაკვეთში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ჟინვალში კი საპატრულო პოლიცია ავტომობილებით ფასანაურის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას მხოლოდ ადგილობრივებს აძლევს.