მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ეკონომიკური ზრდის თაობაზე თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სახელმწიფო უწყებებსა და განვითარების პარტნიორებს შორის ეკონომიკური ზრდის საკითხზე თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ევროპული საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაჩეი ჩურა უძღვებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ და საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა. ხაზი გაესვა დარგის მნიშვნელობას და მისი განვითარების კომპლექსურ ფაქტორებს, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, რომელმაც გავლენა მოახდინა ცხოვრების ყველა სფეროზე.

შეხვედრაზე შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს თავიანთ სფეროებში გაწეული სამუშაოები და მიღწევები, ვრცლად ისაუბრეს სექტორულ პრიორიტეტებსა და მათი მიღწევის გზაზე არსებულ საჭიროებებზე. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მსხვილი სფეროები, როგორებიცაა კერძო სექტორის განვითარება, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ეკონომიკური ხედვა, ინფრასტრუქტურული პროექტები და მწვანე ეკონომიკა. შეხვედრაზე განვითარების პარტნიორებმა წარადგინეს თავიანთი ხედვა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.

თემატური საკოორდინაციო ჯგუფების (სოციალური კეთილდღეობა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკონომიკური ზრდა, ადამიანური რესურსების განვითარება, დემოკრატიული მმართველობა, კანონის უზენაესობა და სამართალი) შეხვედრები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორების კოორდინაციის სამმართველოს ორგანიზებით, წელიწადში ერთხელ იმართება და მიზნად ისახავს მთავრობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე სტრატეგიული დიალოგის წარმოებას განვითარების პარტნიორებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის.