ჩინეთში საზღვარგარეთიდან ჩასული მოქალაქეებისთვის 5 000-ოთახიანი საკარანტინო დაწესებულება იხსნება

ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში საზღვარგარეთიდან ჩასული მოქალაქეებისთვის უახლოეს დღეებში 5 000-ოთახიანი საკარანტინო დაწესებულება იხსნება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, 3-სართულიანი შენობების კომპლექსის აგებას, რომელიც ფეხბურთის 46 მოედნის ზომის ტერიტორიაზეა განთავსებული, 3 თვეზე ნაკლები დრო დასჭირდა. ის გუანჯოუს საკარანტინო სასტუმროებს ჩაანაცვლებს.

საზღვარგარეთიდან გუანჯოუში ჩასულ როგორც ჩინეთის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ავტობუსების საშუალებით შენობაში პირდაპირ აეროპორტიდან გადაიყვანენ და ოთახებში მინიმუმ 2 კვირით მოათავსებენ. ადამიანებს შორის კონტაქტის შეზღუდვის მიზნით, თითოეული ოთახი აღჭურვილია ვიდეო ჩატის კამერით და თერმომეტრით, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი მართავს.

ამასთან, კარანტინში მყოფებს დღეში სამჯერ საკვებს რობოტების საშუალებით მიაწვდიან. CNN-ი წერს, რომ მაშინ, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა საზღვრებს ხსნის და კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს, პეკინი კორონავირუსის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის სტრატეგიას აორმაგებს. გუანჯოუს „საერთაშორისო ჯანდაცვის სადგური“ პირველი ამ ტიპის დაწესებულებაა ჩინეთში, თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში ბევრი მსგავსი საკარანტინო დაწესებულება აშენდეს.