მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები პანდემიის დასრულების მოახლოებაზე ალაპარაკდნენ. კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულმა არაერთმა გავლენიანმა პირმა განაცხადა, რომ მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ რიტმს, დიდი ალბათობით, გაზაფხულიდან დაუბრუნდება.
"კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი კომპანია "ფაიზერის“ ხელმძღვანელმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ პროგრესი მთლიანად დამოკიდებულია ვაქცინების ათვისებასა და ჯოგური იმუნიტეტის ზომაზე. ბურლას განცხადებით, ამიერიდან ნორმად დაწესდება ყოველწლიური ვაქცინაცია და შეიქმნება ვაქცინები, რომელთა მოქმედება სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
რამდენიმე დღის წინ მსგავსი პროგნოზი გააკეთა აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა ანტონი ფაუჩიმაც. მისი ვარაუდით, პანდემია გაზაფხულისთვის დასრულდება, თუმცა დასძინა, რომ ახალ-ახალი შტამების გამოჩენის გამო ამის აბსოლუტური გარანტია არ არსებობს. ახალი შტამების გაჩენის საფუძვლის მაქსიმალური შემცირება კი მხოლოდ და მხოლოდ კორონავირუსის გავრცელების შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი. თუ ვირუსის გავრცელების მასშტაბი იქნება ისევ ფართო, მაშინ ახალი შტამების საფრთხეც დიდი იქნება და პანდემიის დასასრულის პროგნოზირებაც გაჭირდება...
რა ხდება საქართველოში და რას ამბობენ ქართველი სპეციალისტები?
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მსოფლიო პანდემიაზე გამარჯვებას 2022 წლის გაზაფხულზე შეძლებს, რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, ჩვენთან, ალბათ, ეს თარიღი გადაიწევს.