„რიცხვები, რომლებიც სტატისტიკაზე მეტია - 21-ე საუკუნეში იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება სადაცაა, მილიარდ დოლარიან მიჯნას „მიუკაკუნებს“

„ამ საუკუნეში საქართველოს მიერ ელექტროენერგიის იმპორტში გადახდილი თანხით აშენდებოდა, სულ ცოტა, 500 მეგავატი სიმძლავრის ჰესები,“-ამის შესახებ სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„რიცხვები, რომლებიც სტატისტიკაზე მეტია...

მიმდინარე საუკუნეში (2001-2021 წწ.) საქართველოში განხორციელებულმა ელექტროენერგიის იმპორტმა 725 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს მხოლოდ მიმდინარე ფასებში, შესაბამის წლებში განხორციელებული იმპორტის მექანიკური შეჯამებით. მაგრამ რადგანაც დოლარისთვის „არავითარი ვალუტისეული უცხო არ არის“, მათ შორის ინფლაციაც (2001 წლის ერთი დოლარი 2021 წელს უკვე 1.50 დოლარზე მეტი ღირს...), 2021 წლის ფასებით, საქართველოს მიერ ოცდამეერთე საუკუნეში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჯამური ღირებულება რეალურად საგრძნობლად აღემატება 900 მილიონ დოლარს და სადაცაა, მილიარდიან მიჯნას „მიუკაკუნებს“.

ფაქტობრივად, ჩვენს მიერ ბოლო 20 წლის მანძილზე ელექტროენერგიის იმპორტის ჯამური ღირებულება საკმარისი იქნებოდა ნამახვანის ჰესის სიმძლავრის მქონე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის, დარჩენილი „ხურდა“ კი ლაჯანურჰესის სიმძლავრის მქონე ჰესის მშენებლობას ეყოფოდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ საუკუნეში საქართველოს მიერ ელექტროენერგიის იმპორტში გადახდილი თანხით აშენდებოდა, სულ ცოტა, 500 მეგავატი სიმძლავრის ჰესები, მათში წელიწადში 2400 მილიონი კილოვატი ელექტროენერგიის, ანუ იმდენივეს საწარმოებლად, რამდენსაც საქართველოს შინამეურნეობები მთელი წლის განმავლობაში მოიხმარენ.

თუ არაფერი არ შეიცვალა ჩვენი ენერგეტიკისა და კერძოდ, ელექტროენერგიის მოხმარებაში იმპორტის მზარდი როლის შესაჩერებლად (ეს კი მხოლოდ ქვეყანაში შესაბამისი წარმოების ზრდის ხარჯზეა შესაძლებელი), ეკონომიკისა და მოსახლეობის ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნილებების გამო, ჩვენ უკვე სულ რაღაც შვიდ-რვა წელიწადში მოგვიწევს ნამახვანის ჰესის მშენებლობის ღირებულების ექვივალენტური თანხის გადახდა ელექტროენერგიის იმპორტში.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარება იმაზე მოკლე ჭიპლარითაა მიბმული ენერგეტიკის განვითარებასთან, ვიდრე მავანთ წარმოუდგენიათ. ჩვენ ვერ შევძლებთ ეკონომიკურ წინსვლას, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას, შესაბამისი გეგმები მხოლოდ სურვილად და ქაღალდზე გადატანილ პროჟექტებად დარჩებიან, თუკი არ გვექნა საკუთარი მძლავრი ენერგეტიკული ბაზა, თუ ენერგეტიკულად მეტისმეტ დამოკიდებულებაში დავრჩით ჩვენს მეზობლებზე.

ნაპოლეონს მიაწერენ ფრაზას, რომლის მიხედვითაც ხალხს, რომელსაც არ სურს საკუთარი ჯარის შენახვა, მოუწევს უცხო ჯარის შენახვა. სამწუხაროდ, ეს ფრაზა მთლიანად შეესაბამება და კარგად ახასიათებს ჩვენს ამჟამინდელ დამოკიდებულებას ქვეყანაში ჰესების მშენებლობისა და ელექტროენერგიის იმპორტისადმი,“-წერს არჩვაძე.

თაია არდოტელი