ღვინის კონტროლი კიდევ უფრო მკაცრდება

ავსტრიაში ღვინის ფალსიფიცირებისთვის გლიცერინის შემცველ პრეპარატებს იყენებდნენ

საქართველოს ღვინის ქვეყანას უწოდებენ, შესაბამისად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ხარისხის ღვინოს მიირთმევენ როგორც ჩვენთან ჩამოსული სტუმრები, ისე ადგილობრივები. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვიტა, რომ რესტორნებსა და კვების ობიექტებში ღვინის ხარისხის კონტროლი უნდა გამკაცრდეს. ფალსიფიკაციის ყოველ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება - კერძოდ, რესტორანმა მონიტორინგის დროს უნდა წარმოადგინოს საბუთი, რომ მის მიერ გაყიდული ღვინო ნატურალურია და არანაირი დანამატი არ აქვს.

”დღეს ღვინის ფალსიფიცირების უამრავი საშუალება არსებობს, ამიტომ ამ გადაწყვეტილებას ორმაგი დატვირთვა აქვს: ის ქართული ღვინის იმიჯსაც დაიცავს და ამავე დროს, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვითაც აიხსნება”,- განაცხადა bpn.ge-სთან საუბრისას სურსათის უვნებლობის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, გიგა ქურდოვანიძემ.

გიგა ქურდოვანიძე: ”ჯერ აგიხსნით, რას ნიშნავს კონტროლის გამკაცრება. ჩვენ რესტორნებს ისედაც ვამოწმებდით, მაგრამ თუ გასულ წლებში სურსათის ეროვნულ სააგენტოს სხვა პრიორიტეტები ჰქონდა, ახლა ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტი რესტორნებში არსებული ჩამოსასხმელი ღვინის კონტროლი გახდება. ღვინის ნიმუშებს შევისყიდით და შემდეგ ლაბორატორიებში გამოვიკვლევთ. შემდეგ კი, მიღებული დასკვნის საფუძველზე ვიმოქმედებთ. ეს ჩვეულებრივი პროცესია, მაგრამ მომავალში კონტროლი უფრო გამკაცრდება. ღვინოში შაქრისა და ფრუქტოზის შემცველობას ლაბორატორია დაადგენს და თუ საჭირო გახდა, საქმეში სამართალდამცავი ორგანოებიც ჩაერთვებიან იმიტომ, რომ ფალსიფიკაცია სისხლის სამართლის დანაშაულია და საკმაოდ მკაცრადაც ისჯება, ეს კი, სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, ღვინო მოქმედ სტანდარტებს აკმაყოფილებს თუ არა, ან რამდენად უვნებელია ალკოჰოლური სასმელი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ღვინო არ არის მხოლოდ სურსათი, ის ჩვენი ეროვნული სიამაყეა, ამიტომ ქართული ღვინის იმიჯის გაფრთხილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება ღვინის გაძვირებას, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ ეს ბაზრის საქმეა და არა ჩვენი უწყების. მარტივი ლოგიკაა: ფალსიფიცირებული ღვინო იმიტომ არის იაფი, რომ ფალსიფიცირებულია, თორემ მას რომ იგივე ფასი ჰქონდეს, რაც ნამდვილ ყურძნის წვენს, მაშინ ფალსიფიცირებაც აღარ იქნებოდა საჭირო. ღვინო უნდა დამზადდეს ყურძნის წვენისაგან, ფასებს კი, ბაზარი დაარეგულირებს. სხვათა შორის, ჭაჭის კონტროლიც გამკაცრდება, მაგრამ ამ პროდუქტს ღვინის ეროვნული სააგენტო შეამოწმებს, თანაც- უშუალოდ ქარხნებში”.

bpn.ge ამავე საკითხზე რამდენიმე რესტორანსაც დაუკავშირდა. რესტორნის დირექტორების თქმით, მათთვის ბევრი არაფერი შეიცვლება იმიტომ, რომ ისედაც სერტიფიცრებულ ღვინოს ყიდულობდნენ.

”როდესაც ყველაფერი წესრიგში გაქვს, რამდენიც უნდათ, იმდენი გაკონტროლონ. მე ვფიქრობ, რომ კონტროლის გამკაცრება სულაც არ გამოიწვევს ღვინის გაძვირებას: თუ პროდუქცია კონტროლის გამკაცრებამდეც ხარისხიანი გქონდა, რატომ უნდა გააძვირო? - იმიტომ, რომ გამოწმებენ? მაგრამ თუკი ფალსიფიცირებულ ღვინოს ყიდდი და მას იაფად შოულობდი, ახლა უკვე იძულებული ხარ ნატურალური შეიძინო, ის კი უფრო ძვირია. პროდუქცია სწორედ ასეთ ხალხს გაუძვირდება, ჩვენ კი, ფალსიფიცირებული სასმელი არც გვქონია და არც გვექნება. ვისაც თავის დაწესებულებაში ფალსიფიცირებული, 2-ლარიანი ღვინო შეჰქონდა, იმას სერტიფიცირებული ღვინის შეძენა მოუწევს და ეს რა თქმა უნდა პროდუქციას გაუძვირებს.” - გვითხრა რესტორან ”შარბათის” დირექტორმა, ილია თანდარაშვილმა.

ფაქტია, რომ ღვინის კონტროლის გამკაცრების შემდეგ ის რესტორნები, ვინც შედარებით იაფფასიან, გაურკვეველი შემადგენლობის ღვინოს ყიდულობდა სხვადასხვა მწარმოებლისგან, ან გადამყიდველისგან, ასე ბრმად მათ ვეღარ ენდობა. თუმცა, ჩვენთან საუბრისას რესტორნების მეპატრონეების უმრავლესობა აცხადებს, რომ კონტროლის გამკაცრებას მიესალმებიან კიდეც: ”ამის გამო ყველა თანაბარ პირობებში აღმოჩნდება - ჩვენ ხარისხიან ღვინოს ვყიდულობთ მაღალ ფასში და ამ დროს ვიღაც თავის ქსელში ორლარიან ღვინოს ყიდის და იგივე მოგება რჩება. მივესალმებით, თუ ეს უსამართლობა აღმოიფხვრება”, - აცხადებენ ამ სფეროს წარმომადგენლები.

სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი შალვა ხეცურიანიც მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანაში ღვინის კონტროლი უბრალოდ, აუცილებელია: ”საქართველო არ არის ისეთი განვითარებული ქვეყანა, რომ აქ ღვინის კონტროლი საჭირო არ იყოს. ღვინო ურთულესი წარმონაქმნია, ისევე, როგორც ადამიანის ორგანიზმი და მასაც აქვს საფრთხე, რომ რაღაც დაავადებები გაუჩნდეს. ამიტომ, მისი ხარისხი უნდა შემოწმდეს, რომ ადამიანის ჯანმრთელობას არ ავნოს. როგორც ვიცი, მსგავსი კონტროლი ხორციელდება ისეთ მოწინავე ქვეყნებში, როგორიც საფრანგეთი და იტალიაა, ოღონდ ევროპაში კონტროლის სისტემა თავიდანვე, ანუ წარმოების პროცესშიც იმდენად მაღალია, რომ შემდეგ აღარც არის საჭირო მკაცრი შემოწმება. მიუხედავად ამისა, ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყანაშიც კი, როგორიც არის ავსტრია, წლების წინ ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნა - ავსტრიელებმა მას ”გლიცერინის პრობლემა” უწოდეს: საქმე ის არის, რომ იქაურ ღვინოებში იყენებდნენ გლიცერინის შემცველ პრეპარატს, რომელიც უკიდურესად საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. სხვათა შორის, წლები დასჭირდა, რომ ავსტრია ამ სკანდალიდან გამოსულიყო და ავსტრიული ღვინის იმიჯიც აღდგენილიყო”.

ხათუნა ჩიგოგიძე