საქართველო თხილის მწარმობელ ქვეყნებს შორის მე-6 ადგილზეა - რა წილი უკავია ქვეყანას გლობალურ წარმოებაში

2020/21 წლიურ სეზონზე თხილის გლობალურ წარმოებაში საქართველოს წამყვანი ქვეყნების შვიდეულში 3%-იანი წილით მეექვსე ადგილი უკავია და მხოლოდ 1%-ით ჩამორჩება წინა სამ ქვეყანას - აშშ-ს, აზერბაიჯანსა და ჩილეს.

საქართველომ, გასულ სეზონთან შედარებით, თხილის გულის წარმოება 4300 ტონით გაზარდა და მთლიანობაში 17 500 ტონა აწარმოა, ხოლო 5-წლიანი წარმოების საშუალო მაჩვენებელმა 13 848 ტონა შეადგინა. ამის შესახებ International Nut & Dried Fruit Council-ის ყოველწლიურ ანგარიშში წერია, რომელიც 2020/21 წლიური სეზონის თხილისა და ჩირის გლობალურ წარმოებას ეხება.

ანგარიშის მიხედვით, 2020/21 წლიურ სეზონზე გლობალური მოსავლის აღება დასრულდა და მხოლოდ თხილის გულის მოცულობით 512 000 ტონა შეადგინა, რაც ბოლო 10 წელიწადში სიდიდით მეორე მაჩვენებელია. ყველაზე დიდი მოსავალი, 539 925 ტონა თხილის გული 2019/2020 წლიურ სეზონზე დაფიქსირდა.

პირველ ადგილზე თურქეთია, რომლის წილიც მსოფლიო თხილის მოსავლის 62%-ია. თურქეთმა 320 000 ტონა თხილი აწარმოა.

შემდეგი იტალიაა, რომელმაც წინა სეზონზე უამინდობით გამოწვეული უჩვეულოდ დაბალი მოსავლის მაჩვენებელი, 35 250 ტ. რეკორდულად დაძლია და გააორმაგა. წელს იტალიის თხილის მოსავალმა 75 000 ტონას გადააჭარბა. იტალიამ ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, თხილის წარმოება 57%-ით გაზარდა.

იმავე 10-წლიან საშუალო მაჩვენებელთან და წინა სეზონის მოსავალთან შედარებით, აშშ-სა და ჩილეს მოსავალმაც წლევანდელ სეზონზე რეკორდულ დონეს მიაღწია. აშშ-მა წარმოება შარშანდელი 15 725-დან 22 600 ტონამდე, ჩილემ კი 13 393-დან 20 200 ტონამდე გაზარდა.

რაც შეეხება მეზობელ აზებაიჯანს, მისი წარმოებაც შარშანდელი სეზონის 16 800 ტონიდან წელს 21 600 ტონამდე გაიზარდა.

International Nut & Dried Fruit Council-ის წამყვანი მწარმოებელი ქვეყნების შვიდეული ასეთია:

  • თურქეთი - 62% (320 000 ტონა)
  • იტალია - 15% (75 200 ტონა)
  • აშშ - 4% (22 600 ტონა)
  • აზერბაიჯანი - 4% (21 000 ტონა)
  • ჩილე - 4%, (20 200 ტონა)
  • საქართველო - 3% (17 500 ტონა)
  • ირანი - 2% (9 000 ტონა)

ამ ქვეყნების 5-წლიანი წარმოების საშუალო მაჩვენებელი შემდეგია:

  • თურქეთი - 328 500 ტონა
  • იტალია - 53 540 ტონა
  • აშშ - 22 136 ტონა
  • აზერბაიჯანი - 17 090 ტონა
  • ჩილე - 16 553 ტონა
  • საქართველო - 13 848 ტონა
  • ირანი 8 400 ტონა

მოამზადა ლადო სულაბერიძემ