აშშ-ში, ღვინის ეროვნული სააგენტოს და კომპანია Marq Energie Consulting-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიება გაიმართა

ვაშინგტონში მდებარე მიშლენის ვარსკვლავის მქონე ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში „Maydan“ ქართული ღვინის დეგუსტაცია იმპორტიორების, ღვინის პროფესიონალების, მედიის, სარესტორნო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისთვის გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქართული ღვინის წარდგენას აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დაესწრო.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინოები, რომლებიც უკვე იყიდება აშშ-ის ბაზარზე და 60-მდე ისეთი ნიმუში, რომელსაც ამერიკელი მომხმარებელი ჯერ არ იცნობს.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Marq Energie Consulting’’ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები ასევე გაიმართება სან-ფრანცისკოში, 6 ოქტომბერს და ნიუ-იორკში, 18 ოქტომბერს.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ღვინის კერძო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, თანმიმდევრული მარკეტინგული სტრატეგია ხორციელდება. შედეგად, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე სტაბილურად მზარდია.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტირებულია 700 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26% შეადგინა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.