თბილისსა და რამდენიმე ქალაქში გამოკრულ ე.წ. სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო

თბილისსა და რამდენიმე ქალაქში გამოკრულ ე.წ. სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების განთავსების ადგილების მფლობელი კომპანიისგან ბანერების დამკვეთის, მათი განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ.

„2021 წლის სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით გარე რეკლამისათვის განკუთვნილ ადგილებში განთავსდა პოლიტიკური შინაარსის ბანერები წარწერით − „არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს“. აღნიშნულ ბანერებზე განთავსებული მასალა მიმართულია რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული ბანერების განთავსების მიზნით გაწეული ხარჯის კანონიერების დასადგენად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების განთავსების ადგილების მფლობელი კომპანიისგან ბანერების დამკვეთის, მათი განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც იმსჯელა და დაადგინა, რომ ბანერების დამკვეთი პირის მიერ თბილისსა და სხვა რეგიონებში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად, სწორედ ამიტომ, ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული არ წარმოადგენს არცერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს, ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს.