გაუფასურდება თუ არა ლარი 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ?

„ჩვენი საბაზო სცენარი, როგორც წელს, ასევე, სავარაუდოდ, მომავალ წელსაც ლარის მნიშვნელოვან მერყეობას არ ითვალისწინებს“. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ამ პროგნოზის არგუმენტად კი კვლევაში მოტანილია, შეფასებული სავალუტო შემოდინებებისა და გადინებების პოზიტიური ბალანსი, აღდგენილი სავალუტო დაკრედიტებისა და უცხოურ ვალუტაში დანაზოგების გახარჯვის ჩათვლით. მათივე შეფასებით, ასევე გასათვალისწინებელია სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.

„უფრო მეტიც, როგორც ჩანს, ხშირად არსებული, არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინები მიმდინარე პერიოდში უკვე მატერიალიზირებულია. საკუთრივ, ლარსა და უცხოურ ვალუტას შორის რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალის მიუხედავად, დეპოზიტების ბოლოდროინდელი დინამიკა მაინც უცხოური ვალუტის მეტ ზრდაზე მიუთითებს. ამდენად, ამ პერიოდში ლარის სტაბილურობა, თანაც სებ-ის მნიშვნელოვანი ინტერვენციების გარეშე, სავალუტო ბაზარზე ვალუტის მოთხოვნასთან შედარებით უფრო მეტ მიწოდებაზე მივანიშნებს. მაშინ, როდესაც ლარისადმი უნდობლობა, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს დარჩება, არჩევნების შემდეგ ლარის სტაბილურობის გათვალისწინებით, ჩვენი მოლოდინია, რომ ვალუტის დეპოზიტების გარკვეული ნაწილის ლარში გადატანა მოხდება.

ამასთან, გასული კვირა, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემისა და თურქეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებების მხრივ, ლარისათვის პოზიტიური არ იყო. Fed მოსალოდნელზე უფრო მკაცრი იყო, თურქეთში კი საპროცენტო განაკვეთები შემცირდა და ევრომ, ლირამ და რუბლმა დოლართან მიმართებით ღირებულების ნაწილი დაკარგა.

რა შეგვიძლია ვთქვათ ახლო მომავლისათვის? ალბათ ბევრად მეტი არა, ვიდრე ჩვენს ადრინდელ მაკრო მიმოხილვებშია. რისი რჩევა შეგვიძლია საშუალოვადიანი პერიოდისათვის? სავალუტო რისკის აღებისას, ევრო/დოლარის PPP მაჩვენებლის გათვალისიწინებით დივერსიფიცირება კვლავ ოპტიმალური ჩანს, თუმცა განსაკუთრებით ბიზნესისათვის ევროს შედარებით მეტი წილით, რადგანაც როგორც წესი, ლარი უფრო სტაბილურია ევროს, ვიდრე დოლარის მიმართ. ამასთან, ევრო - კარგ დროს, დოლარი კი ცუდ დროს მყარდება. ამავდროულად, ჩვენი აზრი კალათაში ლირისა და რუბლის დამატების შესახებ კვლავ აქტუალურია. ასევე გონივრული გადაწყვეტილებაა ლარის თუნდაც გარკვეული წილი, როგორც სესხების, ასევე ინვესტირების კუთხით, როდესაც მიზანი, ერთი მხრივ, საპროცენტო განაკვეთისა და, მეორე მხრივ, რისკის გათვალისწინებით ოპტიმალური ბალანსის მიღწევაა,“-აღნიშნულია კვლევაში.

თაია არდოტელი