ილონ მასკი: ბაიდენის ადმინისტრაცია არამეგობრულია და პროფკავშირისგან კონტროლდება

Tesla-ს გენერალური დირექტორი, ილონ მასკი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას „არამეგობრულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი პოლიტიკა ელექტრომობილების მიმართ პროფკავშირის მხრიდან არის ნაკარნახევი. ამის შესახებ განცხადება მასკმა კალიფორნიაში გამართულ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე გააკეთა, რასაც Reuters ავრცელებს.

ილონ მასკმა თეთრი სახლის მიერ ელექტრომობილებზე ჩატარებული აგვისტოს სამიტი გაიხსენა, რომელზეც Tesla-ს გარდა, ყველა წამყვანი ავტომწარმოებელი მიიწვიეს.

„მათ Tesla ერთხელაც არ უხსენებიათ და ელექტრომობილების რევოლუცია მხოლოდ General Motors-სა და Ford-ს მიაწერეს და ხოტბა შეასხეს. უკაცრავად, მაგრამ ეს ცოტა მიკერძოებულად ხომ არ ჟღერს. ეს არამეგობრული ადმინისტრაციაა, რომელიც, როგორც ჩანს, პროფკავშირის მიერ კონტროლდება,“ - განაცხადა მასკმა Beverly Hills-ში გამართულ Code Conference-ის პანელურ დისკუსიაზე.

აგვისტოში ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომ 2030 წელს მწარმოებლების მიერ გასაყიდად გამოტანილი ავტომობილების ნახევარი ელექტრომობილი უნდა იყოს, რასაც General Motors (GM), Ford Motor და Stellantis შეუერთდნენ. ავტომწარმოებლების ეს ე.წ. დიდი სამეული პროფკავშირ United Auto Workers-ის (UAW) უმსხვილესი დამსაქმებელია. UAW 150 000 წევრს ითვლის.

ერთ-ერთი ვერსიით, აგვისტოს სამიტზე თეთრმა სახლმა მასკი იმიტომ არ მიიწვია, რომ Tesla-ს მუშები პროფკავშირში გაწევრიანებული არ არიან. ამასთან, დემოკრატმა კონგრესმენებმა პროფკავშირს შესთავაზეს კანონპროექტი, რომ ელექტრომობილების მწარმოებლებისთვის გადასახადი 4500 დოლარით, ანუ არსებული 7500-დან 12000 დოლარამდე გაზრდილიყო. ამან ერთის მხრივ, Tesla-სა და Toyota Motor-ს, მეორეს მხრივ კი პროფკავშირთან აფილირებულ დეტროიტის ავტომწარმოებლებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

ილონ მასკს UAW-ის ვიცე-პრეზიდენტ სინდი ესტრადამ twitter-ზე უპასუხა.

„უმჯობესია, წუწუნს მორჩეს, რადგან კარგ ლიდერებს ჭკვიანი მუშების კი არ ეშინიათ, არამედ მიესალმებიან მათ,“ - წერს სინდი ესტრადა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ