საფრანგეთში, დასავლეთ ევროპის ყველაზე მაღალი მთა 1 მეტრით დაპატარავდა

ფრანგმა ექსპერტებმა დასავლეთ ევროპის ყველაზე მაღალი მთა, მონბლანი გაზომეს, რომელიც წინა ოფიციალურ სიმაღლესთან შედარებით, თითქმის ერთი მეტრით დაბალი აღმოჩნდა. ინფორმაციას The Local ავრცელებს.

სექტემბრის შუა რიცხვებში გამართული სამეცნიერო ექსპედიციის დროს ფრანგული ალპების ცენტრში მდებარე მონბლანის სიმაღლედ სპეციალისტებმა 4,807 მეტრი დააფიქსირეს, რაც 2017 წელს აღებულ ზომაზე, 4,808 მეტრზე თითქმის ერთი მეტრით დაბალია.

„კლიმატოლოგები, გლაციოლოგები და სხვა მეცნიერები აპირებენ, გადახედონ შეგროვებულ ყველა მონაცემს, რომ ამ ფენომენის ასახსნელი თეორიები დაადგინონ,“ - განაცხადეს ფრანგმა ექსპერტებმა მონბლანის ძირში მდებარე ქალაქ სენჟერველებენში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მონბლანის ოფიციალური სიმაღლე ათ წელზე მეტია, მცირდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 4810.90 მეტრი, 2007 წელს დაფიქსირდა. გეოგრაფი ექსპერტების აზრით, მთა ყოველწლიურად სიმაღლეში, საშუალოდ, 13 სანტიმეტრს კარგავს. რეგულარული გაზომვების მიზანი არის ყინულის საფარის მოდელისა და ზუსტი მონაცემთა ბაზის შექმნა, რაც ყველა ექსპერტისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ინდიკატორები წლიდან წლამდე განსხვავებულია, რადგან მწვერვალი მუდმივი თოვლის საფარით არის დაფარული, რაც ძლიერი ქარისა და ნალექის შედეგად იცვლება.

„უძველესი დროიდან მონბლანის სიმაღლე მუდმივად იცვლება," - ამბობენ ექსპერტები. მათი მონაცემებით, მწვერვალის კლდოვანი ნაწილის პიკი 4,792 მეტრს აღწევს.

ცოტა ხნის წინათ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ მთას ზედმეტი ტურისტებისა და დაბინძურებისგან დაიცავდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ