გია ვოლსკი: სუფსაში ენერგეტიკული ჰაბის აშენების პროექტი, სახელმწიფო დონეზე არ განიხილება

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის ინფორმაციით, სუფსაში ენერგეტიკული ჰაბის აშენების პროექტი, რაზეც გიორგი ჭანტურია საუბრობს, სახელმწიფო დონეზე არ განიხილება.

როგორც ვოლსკიმ განაცხადა, აღნიშნულ პროექტზე ჭანტურიამ საუბარი მაშინ დაიწყო, როცა აზერბაიჯანიდან საქართველოში დაბრუნდა და თბილისის მერობის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო, თუმცა დეპუტატის თქმით, "ეს თემა სახელმწიფო დონეზე არც მაშინ და არც ახლა არ განხილულა". მან აქვე აღნიშნა ისიც, რომ "იდეა, რომ გარკვეული გავლენის მქონე ძალებმა საქართველოს ტერიტორიაზე საერთო ენა გამონახონ – იქნება ეს ეკონომიკური თუ სხვა ტიპის პროექტის სახით, მისაღებია".

"როდესაც გია ჭანტურია ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, რომ თავი "ქრისტიან-დემოკრატების" სახელით თბილისის მერობის კანდიდატად დააყენა, მაშინ მას სწორედ ასეთი პროექტი ჰქონდა. დამაინტერესა, შევხვდი და ვესაუბრე. აღნიშნული პროექტი გულისხმობდა სუფსაში, ამერიკული ფინანსური მონაწილეობით ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების აშენებას. თემა, რომ ეს რუსულ-ამერიკული პროექტია, პირველად მესმის. მაშინ მან ამ პროექტის პრეზენტაციაც გამართა. ვკითხე კიდეც, ქალაქის მერობისთვის ბრძოლა ხომ არ შეუშლიდა ხელს პროექტის რეალიზაციაში, რაზეც ბუნდოვანი პასუხი მივიღე", - განაცხადა ვოლსკიმ.

რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველო რუსეთის მონაწილეობით სუფსაში ენერგეტიკული ჰაბის აშენებას აპირებს. ინფორმაციას ინტერნეტპორტალი sukhum-moscow.ru, რომელიც რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობების შესახებ წერს, პროექტის ავტორ გიორგი ჭანტურიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ენერგეტიკული ჰაბი გარკვეულწილად "მეგობრობის ხიდი" იქნება სამხრეთ კავკასიას, რუსეთსა და ევროკავშირს შორის. პროექტის ღირებულება 17 მილიარდი დოლარია და ინვესტორების მოზიდვა როგორც რუსეთიდან, ისე დასავლეთიდან იგეგმება. ენერგეტიკული ჰაბის ფორმირების პროცესში პირველი პროექტი სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნდა იყოს.