ამერიკელები წლევანდელ ჰელოუინზე 10 მილიარდ დოლარს დახარჯავენ

წელს 31 ოქტომბრის ჰელოუნის დღესასწაულისთვის ამერიკელები რეკორდულ, 10 მილიარდ დოლარს დახარჯავენ. ამის შესახებ მოწმობს ყოველწლიური გამოკითხვის შედეგები, რომელიც ეროვნულმა საცალო ვაჭრობის ფედერაციამ NRF-მა ჩაატარა.

გასულ წელს ამერიკელებმა ჰელოუინზე 8,05 მილიარდი დოლარი დახარჯეს.

„ამერიკელები წელს იმაზე მეტს დახარჯავენ, ვიდრე ოდესმე, რათა წლევანდელი ჰელოუინი დაუვიწყარი გახადონ“, - განაცხადა NRF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მეთიუ შეიმ.

მისივე თქმით, საცალო მოვაჭრეები წლევანდელი დღესასწაულისთვის უკვე იჭერენ თადარიგს და სათანადოდ ემზადებიან. მათ დაგეგმილზე ადრე დაიწყეს სარეალიზაციო პროდუქციის მომარაგება, რომელშიც შედის სეზონური ტკბილეულობა და დეკორის სხვადასხვა ელემენტები.

დღესასწაულში ჩართვას აპირებს ორგანიზაციის მიერ გამოკითხული რესპოდენტების 65%, მაშინ როცა გასულ წელს მათი რაოდენობა 58% იყო, ხოლო 2019 წელს 68%. ამასთან, ირკვევა, რომ ამ დღის აღსანიშნავად ემზადება ბავშვიანი ოჯახების 82%, ხოლო უბავშვო ოჯახების 55%.

მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ საშუალოდ 102 დოლარის დახარჯვას აპირებენ, რაც 10 დოლარით მეტია შარშანდელ საშუალო მაჩვენებელზე. ხოლო ბავშვებიანი ოჯახების ხარჯები საშუალოდ 149 დოლარს შეადგენს, რაც ორჯერ მეტია შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გამოკითხვის თანახმად, ამერიკელები 3,17 მილიარდს დახარჯავენ სადღესასწაულო გაფორმებებზე. კოსტიუმებზე კი ბოლო ხუთი წლის რეკორდულ - 3,32 მილიარდს. ტკბილეულზე დაიხარჯება 3 მილიარდი, ხოლო მისალოც ბარათებზე 0,66 მილიარდი დოლარი.

ორგანიზაციის გამოკითხვაში, რომელიც 1-8 სექტემბერს ჩატარდა, 8 ათასმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა.

კოკა კვირკველია