ნათია თურნავა - 2013 წლიდან დღემდე ჯამურად მხარდაჭერილია 1 806 პროექტი. მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა, შეიქმნა 53 000-მდე სამუშაო ადგილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია გამართეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

პრემიერმა თავის გამოსვლაში ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზე ისაუბრა.

ამასთან, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ორივე სამინისტროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს მეშვეობით, 2013 წლიდან დღემდე ჯამურად მხარდაჭერილია 1 806 პროექტი და მოზიდულმა ინვესტიციამ 2,5 მლრდ ლარი შეადგინა.

მისივე თქმით, შეიქმნა 53,000 - მდე ახალი სამუშაო ადგილი.

„დღეს შეგვიძლია ერთგვარი შეჯამება გავაკეთოთ იმ საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგების, რაც მოიტანა 2014 წელს სწორედ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორცშესხმულმა პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ - ეს არის უკვე საკმაოდ ცნობილი ბრენდი, რომელიც თავისი ქოლგის ქვეშ აერთიანებს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, და გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგები, რომელიც უახლოეს 2 წელიწადში, პრაქტიკულად, უნდა გავაორმაგოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრებმა საზოგადოებას წარუდგინეს ინტერაქციული რუკა, რომელზეც დეტალური ინფორმაციაა განთავსებული არსებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტების შესახებ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუკა განთავსდება სახელმწიფო პროგრამების პორტალზე - www.programs.gov.ge და დღეიდან ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„ხშირად გვეკითხებიან - მოსახლეობა, დაინტერესებული პირები, ჩვენი ოპონენტებიც - სად არის ის ასობით საწარმო, რომლებიც რეალურად ამ წლების განმავლობაში ფინანსდება, რომლებიც შეიქმნა და შეიძლება ვერ შექმნილიყო, რომ არა ჩვენი მხარდაჭერა და ან - გადაიარაღდა და გაფართოვდა, რომელიც გავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ ექსპორტზე, ან იმპორტი ჩაანაცვლა. სწორედ იმისთვის, რომ ყველასთვის იყოს უფრო მეტად ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე, ხელშესახები დეტალური ინფორმაცია თითოეული ბენეფიციარის შესახებ - რომელი კონკრეტული პროგრამით ისარგებლა, რამხელა მხარდაჭერა მიიღო, რამხელა ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, რა დარგში საქმიანობს და რაც მთავარია, რამდენი სამუშაო ადგილი შექმნა, შეიქმნა ჩვენი ახალი შემოთავაზება - ინტერაქციული რუკა“, - აღნიშნა თურნავამ.