პაატა ბაირახტარი - პოპულიზმით საქმე არ კეთდება

პოპულიზმმით საქმე არ კეთდება - ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეკონომისტი პაატა ბაირახტარი წერს. „ბიზნესპრესნიუსი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაში ტყუილი და მართალი ერთმანეთში რომ ირევა, ეს ახალი არავისთვისაა. თუმცა, ვთვლი, რომ ჩვენი საზოგადოების ის უძვირფასესი ნაწილი, ვისაც პენსიონერებს ვეძახით, არ იმსახურებს ვინმეს წინასაარჩევნო პოპულიზმს შეეწიროს და შემდეგ იმედგაცრუებული დარჩეს. საქმე ეხება გიორგი ვაშაძის წინასაარჩევნო კლიპს, რომელშიც ვაშაძე განმარტავს, რომ სესხში ყველაზე ძვირს, 36%-ს პენსიონერები იხდიან. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ბევრად უფრო ძვირი პროდუქტებიც გვხვდება საკრედიტო ბაზარზე და არამხოლოდ საპენსიო ასაკობრივ ჯგუფში. მაგრამ მეორე და მთავარი „უზუსტობა“ ამ მოკლე ვიდეოში არის ის, რომ თავად „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონპროექტში, რომლის ავტორიც თავად გიორგი ვაშაძეა, შავით თეთრზე წერია, რომ „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს სესხს, არა 36%-ში, არამედ 30.65%-ში სთავაზობს. ამ ორ მონაცემს შორის კი ნამდვილად დიდი სხვაობაა. ასეთ საკითხებში, როცა საქმე 800 000 პენსიონერის ბედს ეხება, შეცდომები „არ მოსულა“. და ამის მიუხედავად, მაინც მინდა ჩავთვალო, რომ ეს უბრალოდ უზუსტობაა და ამომრჩევლის მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას არ ემსახურება. მაგრამ რა ვუყო, რომ მეორეს მხრივ ბატონი გიორგის პოლიტიკური გამოცდილება და შემართება არც იმის საშუალებას მაძლევს, რომ ეს მიამიტურად დავიჯერო... და ისევ, - პოპულიზმით საქმე არ კეთდება,",- წერს ბაირახტარი.