კახა კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთში მილსადენის გაყვანის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ინფორმაციით, სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში არ შესულა, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში პროექტის განსახილველად მზაობა არსებობს.

რაც შეეხება პროექტის განხორციელებაში რუსული მხარის მონაწილეობას და ოკუპირებულ აფხაზეთში მილსადენის გაყვანას, კალაძე აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. "პირველად მესმის, საუბარი მხოლოდ და მხოლოდ სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე იყო", - განაცხადა კალაძემ.

რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველო რუსეთის მონაწილეობით სუფსაში ენერგეტიკული ჰაბის აშენებას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტპორტალი sukhum-moscow.ru, რომელიც რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობების შესახებ წერს, პროექტის ავტორ გიორგი ჭანტურიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ენერგეტიკული ჰაბი გარკვეულწილად "მეგობრობის ხიდი" იქნება სამხრეთ კავკასიას, რუსეთსა და ევროკავშირს შორის. პროექტის ღირებულება 17 მილიარდი დოლარია და ინვესტორების მოზიდვა როგორც რუსეთიდან, ისე დასავლეთიდან იგეგმება. ენერგეტიკული ჰაბის ფორმირების პროცესში პირველი პროექტი სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნდა იყოს.