გიორგი ჭანტურია: სუფსაში ენერგეტიკული კომპლექსის მშენებლობაში რუსეთის მონაწილეობაზე საუბარი არ არის

ნავთობკორპორაციის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ჭანტურიას განმარტებით, სუფსაში ენერგეტიკული კომპლექსის მშენებლობაში რუსეთის მონაწილეობაზე საუბარი არ არის.

თუმცა, როგორც ჭანტურიამ "ტელეიმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ცალკე პროექტია ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელი ნავთობსადენის მშენებლობა, რომელშიც, მათ შორის, რუსეთის და სხვა მხარეების ინტერესების თანხვედრა მოხდება. "ჩვენ ვლაპარაკობთ ორ სხვადასხვა პროექტზე. რაც შეეხება სუფსას, ეს არის ძალიან დიდი და სერიოზული პროექტი, რომელიც საქართველოსთვის ახალი არ არის. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მშენებლობა, თავიდანვე ჩადებული იყო, რომ ამ პროექტთან ერთად სუფსაში სერიოზული ენერგეტიკული კომპლექსის მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო. 1999 წელს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ამერიკის მთავრობამ დააფინანსა და მაშინ ძალიან აქტიურად იმუშავა თედო ჯაფარიძემ, რომელიც აშშ-ში ჩვენი ელჩი იყო. ასე რომ, ეს არ არის ახალი პროექტი და აქ გაოცებას და სიურპრიზებს ადგილი არ აქვს", - აღნიშნა ჭანტურიამ.

მისივე თქმით, საუბარია ორ სხვადასხვა პროექტზე და სუფსასთან არავითარი კავშირი არ აქვს რუსულ მონაწილეობას, არამედ მეორე სეგმენტია ნავთობსადენის მშენებლობა. "ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ცალკე პროექტად იქნება განხილული ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი, რომელიც მოვა სუფსამდე და რა თქმა უნდა, ინტერესების თანხვედრა მოხდება. ჩვენ, დაპირისპირების ნაცვლად, ვამბობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს ამ პროექტის ინიციატორი, რათა თავი ავარიდოთ "როსნეფტს", არაპროგნოზირებად ქმედებებს და ა.შ.", - განაცხადა ჭანტურიამ.

მისივე თქმით, ის საუბრობს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო ენერგეტიკული ჯგუფის სახელით და იმედოვნებს, რომ ხელისუფლება ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. ჭანტურიას თქმით, ამ ენერგეტიკული პროექტების განხორციელება არის შანსი საქართველოსთვის ახალი რეალობიდან გამომდინარე.

რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველო რუსეთის მონაწილეობით სუფსაში ენერგეტიკული ჰაბის აშენებას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალმა sukhum-moscow.ru, რომელიც რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობების შესახებ წერს, პროექტის ავტორ გიორგი ჭანტურიაზე დაყრდნობით გაავრცელა.