ფინეთში წაულების ვაქცინირებას იწყებენ

ფინეთში კორონავირუსის სპეციალურად შემუშავებული ვაქცინით კვერნისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარი ცხოველის, წაულას აცრებს იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ფინეთის სურსათის უწყებამ ბეწვის სელექციონერთა კავშირ FIFUR-ზე კორონავირუსის ვაქცინის წაულაზე გამოყენების ნებართვა გასცა. ვაქცინა ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა.

ვაქცინა FurcoVac-ზე ცდები უნივერსიტეტის ლაბორატორიასა და ცენტრალური პოჰიანამაის ცხოველთა ფერმაში ჩატარდა, რამაც ცხოველებში იმუნური პასუხი საკმარის დონეზე დაადასტურა. FurcoVac-ის შემუშავება გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო.

ფინეთის ბეწვის ინდუსტრიისთვის განკუთვნილ ცხოველთა შორის კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა მაშინ, როცა ნიდერლანდებსა და დანიაში, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მილიონობით წაულას ევთანაზია მოუწიათ. მეტიც: დანიაში, სადაც წაულას მოშენება გასულ წელს აიკრძალა, აღნიშნული აკრძალვა 2023 წლამდე გაახანგრძლივეს.

დანიის ფერმებში თითქმის ყველა წაულას განადგურებამ გასულ წელს ბეწვეულის ბიზნესი დააზარალა. ინდუსტრიის ლიდერები მოელოდნენ, რომ ისეთი ბრენდები, როგორიც არის Louis Vuitton, Dior და Fendi, მელიასა და ძუძუმწოვართა გვარის მღრღნელების ალტერნატიული რიგის, შინშილას ბეწვის შესყიდვაზე გადავიდოდნენ, რომ მიწოდების ხარვეზი ამოევსოთ.

ბეწვეულის გლობალური ბაზარი წელიწადში 22 მლრდ დოლარს აჭარბებს. ბეწვეულის საერთაშორისო ფედერაციის (IFF) მონაცემებით, წაულას უეცარი დეფიციტის შიშით, რომლის უდიდესი ექსპორტიორიც დანია იყო, აზიაში გასულ წელს ფასებმა 30%-ით მოიმატა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ