მასკი „ტესლას“ ბიტკოინებზე გაყიდვის განახლებას არ გამორიცხავს

ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია „ტესლამ“ შესაძლოა, ბიტკოინზე გაყიდვები განაახლოს. თუმცა, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ილონ მასკი ამბობს, ამისთვის საჭიროა, რომ ბიტკოინის მოპოვება უფრო ეკოლოგიური გახდეს.

„ახლა უფრო წინდახედული ვიქნები და ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ბიტკოინის მაინინგზე (მოპოვებაზე) დახარჯულ ელექტროენერგიიდან, განახლებადი ენერგიის პროცენტული მაჩვენებელი, 50 პროცენტი, ან მეტი იყოს. და თუ ამ წილს მზარდი ტენდენცია ექნება, მაშინ „ტესლა“ გაყიდვისას, ბიტკოინების მიღებას განაახლებს“, - ამბობს მასკი, ვინც ახლახანს, „ფორბსის“ უმდიდრესი ადამიანების სიაში, კვლავ პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

მისივე თქმით, გარკვეული რაოდენობით ბიტკოინებს, დოგკოინებს და ეთერიუმს ფლობს. საინტერესოა, რომ ბიტკოინთან და დოგკოინთან დაკავშირებით, მასკის მიერ გაკეთებული არაერთი კომენტარის შემდეგ, ციფრული ვალუტების ფასები მკვეთრად იზრდებოდა, ან მცირდებოდა.

წლის დასაწყისში, „ტესლამ“ გამოაცხადა, რომ საკუთარ ანგარიშზე არსებული თანხით, 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეისყიდა. მაშინვე კომპანიამ ავტომობილების გაყიდვა ბიტკოინებზეც დაიწყო. თუმცა მაისში ციფრული ვალუტების მიღება შეწყვიტა. ამის მიზეზად, მოპოვების არაეკოლოგიური მეთოდები დასახელდა.