,,აცრის, ან ტესტის მოთხოვნის გამო, სტუმრების მხოლოდ 10%-ის გაბრუნება მოგვიწია უკან, ისიც რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების“

სექტემბრის დასაწყისიდან რესტორნებმა „შავი ლომი“, „ნინიას ბაღი“ და „კაფე ლეილა“ სტუმრების მიღების წესები შეცვალეს. დაწესებულებები მხოლოდ აცრილ, ანტიგენ ან PCR ტესტის პასუხის მქონე სტუმრებს მასპინძლობენ.

კვების ობიექტების დამფუძნებელი, მერიკო გუბელაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ შედეგად სტუმრების რაოდენობა არ შემცირებულა. მეტიც, სამივე რესტორანში უფრო მეტი ხალხი მიდის.

,,პირველ ეტაპზე, როცა დავაანონსეთ სიახლე, დიდი ნეგატიური გამოხმაურება იყო, განსაკუთრებით იმ ხალხისგან, რომელიც ჩვენი კლიენტი ისედაც არ არის. შიშები ძირითადად იყო, რომ ,,დაჩიპვის“ პროცესში ვიღებთ მონაწილეობას. რეალურად კი, ამ ერთ თვეში სტუმრების დაახლოებით 10%-ის გაბრუნება მოგვიწია უკან, ისიც რუსეთიდან ჩამოსული ტურისტების. დანარჩენი უცხოელები და ასევე ქართველებიც ძალიან მოხარული არიან, რომ უსაფრთხო გარემოა ჩვენს სამივე რესტორანში. იმაზე მეტი ხალხი მოდის, ვიდრე მოდიოდა და ამ ნაკადის არავითარი შემცირება არ მომხდარა“, - განაცხადა გუბელაძემ.

რესტორატორის თქმით, სახელმწიფო ამ წესის რეგულაციად ქცევას არჩევნების გამო მოერიდა. არჩევნების შემდეგ კი, მისი ვარაუდით ვაქცინა, ან PCR ტესტი კვების ობიექტებში შესასვლელად სავალდებულო გახდება.

,,სახელმწიფო იმიტომ არ აწესებს ამ რეგულაციას, რომ წინ არჩევნებია. ახლახანს ჩამოვედი საფრანგეთიდან და ვერსად, ვერცერთი კვების ობიექტში ვერ შეხვალ, ან აცრილი თუ არ ხარ, ან ტესტის უარყოფითი პასუხი თუ არ გაქვს. ჩვენთან ცალსახაა თავს რატომაც იკავებენ ამ არაპოპულარული გადაწყვეტილებისგან, თუმცა ჩვენთან შრომის ინსპექციიდან მოსული იყვნენ და გვკითხეს, როგორ ვახდენთ შემოწმებას, როგორ ხდება კონტროლის მექანიზმის მუშაობა, რაც ჩემი აზრით, ნიშნავს, რომ არჩევნების გადავლის შემდეგ, როგორც ევროპაშია, ეს რეგულაცია ჩვენთანაც იმუშავებს. სამწუხაროა ისიც, რომ ჩვენი სფეროს წარმომადგენლები ამ ინიციატივას არ აჰყვნენ, მაგრამ მათიც მესმის. ისედაც გაჭირვებულ დღეში ვართ და რთულია“, - განუცხადა მერიკო გუბელაძემ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

თამარ მუკბანიანი