DroneSeed ტყის აღდგენის ამერიკული სტარტაპია, რომელიც დრონების საშუალებით გადამწვარ ფართობზე ხეების დარგვის სამუშაოებში ადამიანებს ცვლის.
„ადამიანური რესურსი ამ საქმის სირთულეებისა და დაბალი ანაზღაურების გამო სულ უფრო მცირდება. პარალელურად, იზრდება ხანძრისგან განადგურებული ფართობების მასშტაბი, რომლის შემდგომი გამწვანება-განაშენიანების სამუშაოები ხელით შრომის საზღვრებიდან დიდი ხანია, გასულია,“ - წერს პორტალი TechCrunch.
DroneSeed ადამიანების ნაცვლად, ავტომატიზირებულ დრონებს იყენებს, რომლებიც სპეციალურად კონსტრუირებული სათესლე პაკეტებითა და დისპენსერებით არის აღჭურვილი. დრონები ლანდშაფტთან ახლოს დაფრინავენ და საუკეთესო ჩასათეს ადგილებს საზღვრავენ, რაც არ უნდა იყოს მეტად ქვაღორღიანი, დამრეცი ფერდობი და ა.შ. ადგილის შერჩევის შემდეგ კი დრონი მიწაზე ხის თესლს ყრის. დრონებს ათეულობით სათესლე პაკეტის მიწოდება, ხოლო უფრო მეტად აღჭურვის შემთხვევაში, ინვაზიური მცენარეების საწინააღდეგო საწამლავის დასხურებაც შეუძლიათ, რომლებიც ხანძრების შემდეგ აუცილებლად ჩნდებიან და ხის თესლის გაფესვიანებას ხელს უშლიან.
„ასეთ მიდგომას უაღრესად ბევრი უპირატესობა აქვს: ის როგორც პლანტატორებისთვის, ისე გამწვანების მფრინავებისთვის რთულ და სარისკო საქმეს ცვლის, რადგან დაბალ სიმაღლეზე ვერტმფრენით ფრენა დიდ რისკთან არის დაკავშირებული,“ - წერს TechCrunch.
კონსტრუირებული სათესლე პაკეტები დაცულია ისეთი მტაცებლებისგან, როგორიც არის, მაგალითად, ციყვი. დრონების პარკს ადამიანებზე უფრო სწრაფად შეუძლია მობილიზება და მუშახელთან შედარებით, თითქმის, 6-ჯერ უფრო დიდ ფართობს ფარავს. სამუშაოები დიდ ტერიტორიაზეც ადვილად სრულდება და კონტროლდება.
36 მლნ დოლარის ოდენობის ახალი დაფინანსების მოპოვებით, კომპანია, ფესვიდან გვირგვინამდე, ტყის გაშენების განვითარებას თანამედროვე, ვერტიკალური ინტეგრირების გზით, ნახშირბადის ფიუჩერსებითა და ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული ტექნიკითა და ლოგისტიკით გააგრძელებს.
ბოლო 20 წლის განმავლობაში, აშშ-ში გადამწვარი ფართობების რაოდენობა გაორმაგდა. ამასთან, სათესლე ბანკებსა და სანერგეებში დეფიციტი გაჩნდა და ისინი წლებია, მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. მთავარი მიზეზი საბაზრო ფასებია, რის გამოც ჰექტრობით გადამწვარ ტყეებს ყოველწლიურად მილიონობით ნერგი აკლდება. ამ პრობლემის გამო DroneSeed-მა სანერგე და სათესლე გლობალური მეურნეობა Silvaseed შეიძინა, რომელიც ჩრდილოდასავლეთ ოკეანის რეგიონში 150 წელია, მუშაობს.
DroneSeed აშშ-ს დასავლეთ სანაპიროს ქალაქ სიეტლში დაფუძნებული სტარტაპია, რომლის დებიუტიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართა. მაშინ DroneSeed-ის გუნდი ჯერ კიდევ საპილოტე პროექტებზე მუშაობდა, შემდგომში კი მათი ახალი მოდელი ფართომასშტაბიან განლაგებებზე წარმატებით დაიტესტა. დღეს დრონებს თვალთახედვის არეალის მიღმაც შეუძლიათ სამუშაოების ჩატარება, თანაც უფრო სწრაფად და უკეთესად, ვიდრე ცაში მათი პირველი აფრენის დღეს ხდებოდა. სტარტაპის თანადამფუძნებლები გრანტ კენერი და ბენ რეილი არიან, რომლებთაც უკვე 60-კაციანი გუნდი ჰყავთ.
საინვესტიციო A რაუნდს, რომელმაც სტარტაპს 36 მლდ დოლარი მოუტანა, Social Capital და Seven Seven Six ხელმძღვანელობდნენ და მასში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა, როგორიც არის Tesla-სა და SpaceX-ის ადრეული ინვესტორი DBL Partners, Shopify, TIME Ventures და Spero Ventures.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ