პანდემიური სპორტი - ასე უწოდებენ ამერიკის გოლფის ეროვნულ ფონდში გოლფს და აცხადებენ, რომ პანდემიამ ამ სპორტის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა. მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ გოლფი სუფთა ჰაერზე თამაშისა და თანაც, სოციალური დისტანციის სპორტის სახეობაა. გარდა ამერიკისა, გოლფისადმი ინტერესი იზრდება მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც.
მნიშვნელოვანი არა, თუმცა ზრდა საქართველოშიც ფიქსირდება. ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გოლფ კლუბის, ,,კაჭრეთი ამბასადორის“ მენეჯერი, ვატო შენგელია ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ზრდას მუდმივი ტენდენციის სახე აქვს, რადგან გოლფი საქართველოსთვის ახალი სპორტია.
„საქართველოსთვის, გოლფი ახალი თამაშია, ამიტომ პანდემიამდეც ზრდა ყოველდღიური იყო. თუმცა ამ პერიოდში, მოთამაშეთა რაოდენობა განსაკუთრებულად გაიზარდა. როცა ერთი ადამიანი მოდის სათამაშოდ, მას შემდეგ აუცილებლად მოჰყავს რამდენიმე მისი მეგობარი და ასე იზრდება ეს სახეობა ქვეყანაში. ტენდენცია კოვიდის პირობებში, ნამდვილად არის მზარდი.
თავად მოთამაშეებს რაც შეეხებათ, ქართველები ძირითადად ახალგაზრდები არიან 22 წლიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი 45+. რაც შეეხება სქესს, შეიძლება ითქვას, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა მამაკაცია, თითქმის 75%“- განაცხადა ვატო შენგელიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ინფორმაციისთვის, გოლფის ეროვნული ფონდის (National Golf Foundation-NGF) მონაცემებით, გასულ წელს გოლფს 24,8 მლნ ამერიკელი თამაშობდა, რაც წინა წელთან შედარებით 2%-ით მეტია და ბოლო 17 წლის განმავლობაში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, 1997 წლიდან მოყოლებული დამწყები მოთამაშეების, ქალებისა და ნორჩი გოლფისტების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა. მაგალითად, ქალი გოლფისტების რაოდენობა გასულ წელს 8%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 5-წლიანი პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 44% 40 წლამდე ასაკის მოთამაშე იყო, ანალოგიური პროცენტული მაჩვენებელი 30 წელზე მეტი ასაკის მოთამაშეებს ეკუთვნის ისევე, როგორც 60-იან წლების ასაკის გოლფისტებს.
NGF-ის მონაცემებით, ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება და ივლისამდე პერიოდში გამართული თამაშების რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, 16,1%-ით გაიზარდა.
„გოლფის მინდვრებზე სულ უფრო მეტი ადამიანი ჩნდება. გრძელვადიანი ტენდენცია მეტად მიმზიდველი იქნება. პანდემიის შემდეგ ბაზარი იმაზე მეტად გაიზრდება, როგორც მის დასაწყისში გაიზარდა,“ - განუცხადა CNBC-ის Callaway-ის გენერალურმა დირექტორმა, ჩიპ ბრუერმა.