„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების იტალიური პურის საწარმო „რომივერია“ გაიხსნა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და ამჯერად ბანკისა და კომპანია „რომივერიას“ პარტნიორობით, თანამედროვე სტანდარტების, იტალიური პურის საწარმო გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 1 000 000 ევროს აღწევს, საიდანაც კერძო ინვესტიცია 750 000 ევროს შეადგენს, ხოლო „საქართველოს ბანკის“ ფინანსური ჩართულობა 250 000 ევროს აღწევს.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პირველ ეტაპზე საწარმო მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის იტალიურ ბრტყელ პურს, პიადინას შესთავაზებს, მეორე ეტაპზე კი განხორციელდება ნახევარფაბრიკატების წარმოების პროექტი.

„რომივერია“ მომხმარებელს შესთავაზებს მზა სენდვიჩებს, დაჭრილ ლორს და ყველს, ასევე ასორტს ღვინისთვის ქართული ყველით, ჩირეულით და თხილით.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, საწარმო „რომივერიას“ პროდუქციის რეალიზაცია განხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გავა ექსპორტზე.

„რომივერია“ არის ადგილი, სადაც იტალიური ტექნოლოგიები ერწყმის ქართულ მიწას და სულს იმისათვის, რომ შეიქმნას გემრიელი, უვნებელი პროდუქტი. მოხარული ვართ, რომ ბანკთან პარტნიორობით ჩვენს მომხმარებელს გემრიელ სიახლეებს ახალი საწარმოს მეშვეობით შევთავაზებთ“, - განაცხადა კომპანია „რომივერიას“ დირექტორმა, გიორგი წარიამ.

ამასთან, „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა აღნიშნა, რომ მათი მიზანი ბიზნესის მეტი ხელშეწყობა და წახალისებაა.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში. თანამედროვე სტანდარტების იტალიური პურის ახალი საწარმოს მეშვეობით „რომივერია“ შეძლებს მომხმარებელს მაღალი ხარისხის პური და ნახევარფაბრიკატები შესთავაზოს. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, ბიზნესის მეტი ხელშეწყობა, წახალისება, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ისინი და მათთან ერთად შევქმნათ მეტი ახალი სამუშაო ადგილი, ძლიერი ეკონომიკა და ადგილობრივი წარმოება“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა.

ინფორმაციითვის, კომპანია „რომივერია“ 2019 წელს დაარსდა და ის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თანამედროვე სტანდარტების საცხობისა და ნახევარფაბრიკატების პროექტს ახორციელებს. საწარმო „რომივერიაში“ ინტეგრირებულია ISO:22000 და HACCP-ის სისტემები. ასევე, სრულად არის გათვალისწინებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მითითებები. საწარმო აღჭურვილია საერთაშორისო დონის დანადგარებით, რომლებიც ფლობენ სერტიფიკატს - EURO-1.