2025-26 წლებში ახალი მოცვის გლობალური ექსპორტი 900 000 ტონას მიაღწევს

Rabobank ახალი პროდუქტების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში პროგნოზირებს, რომ უახლოეს წლებში ახალი მოცვის გლობალური ექსპორტი სტაბილურად გაიზრდება. ანგარიშის მონაცემებს Fruitnet ავრცელებს.

Rabobank-ის აგრობანკინგის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახალი მოცვის გლობალური ექსპორტი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, სტაბილურად გაიზრდება, რადგან მზარდი მოხმარების რეგიონები მთელს მსოფლიოში განვითარებას განაგრძობენ.

„ჩვენ მოველით, რომ 2025/26 წლებში გლობალური ექსპორტი, თითქმის 900 000 ტონას მიაღწევს, რომელშიც 70%-ზე მეტი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულის, პერუს, ჩილეს, კანადის, მექსიკისა და მაროკო/ესპანეთის წილი იქნება," აცხადებს Rabobank ახალი ხილის ბაზრის უფროსი ანალიტიკოსი ჩრდილოეთ ამერიკაში, დევიდ მაგანია.

გასული ათწლეულის განმავლობაში, მოცვის გლობალური ექსპორტის საშუალო წლიური ზრდა, დაახლოებით, 11%-ს შეადგენდა.

Rabobank-ის თანახმად, მოცვის საერთაშორისო მიწოდება და ხელმისაწვდომობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა, რამაც სექტორის ახალი მოთამაშეების, პერუს, მექსიკის, მაროკოს, სამხრეთ აფრიკისა და ჩინეთის წარმოების ზრდა განაპირობა. ისინი აშშ-დან, ჩილედან, არგენტინიდან და ევროპიდან არსებულ მიწოდებას ავსებენ.

მაგალითად, 2019/20 წლების სეზონზე პერუ მსოფლიო მასშტაბით ახალი მოცვის უდიდესი ექსპორტიორი გახდა, ხოლო ჩილე ამჟამად კენკრის ამ სახეობის მეორე უდიდესი ექსპორტიორია. ორივე ეს ქვეყანა ჩინეთის, ევროპისა და შეერთებული შტატების ბაზრებზე საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებულია.

რაც შეეხება მოხმარებას, მოცვის უდიდეს მოცულობას შეერთებული შტატები და კანადა მოიხმარენ. თუმცა დღეისთვის მოთხოვნის ზრდის მთავარ წყაროს ევროპა წარმოადგენს. აზიაში მოცვის მოხმარებაში ჩინეთი ლიდერობს, რისი მიზეზიც არის ადგილობრივი და იმპორტირებული მიწოდების ზრდა.

ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ მოსავლის თანმიმდევრული ხარისხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ბაზარი სულ უფრო კონკურენტუნარიანი, მომხმარებელი კი უფრო მომთხოვნი ხდება.

„სელექციური კომპანიები მუშაობენ ახალ ჯიშებზე და ყურადღებას ამახვილებენ გემოზე, ზომასა და შენახვის ვადაზე მეტი მომხმარებლის მიზიდვისა და საცალო გაყიდვების გაზრდის მიზნით. ფერმერები უფრო მოიგებენ, თუკი რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე, მოსავლიანობის გაზრდასა და კრეფვის ავტომატიზირებულ სისტემებზე ფოკუსირდებიან,” - აცხადებს დევიდ მაგანია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ