,,ბიზნესის და ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა შეიცვლება არჩვენების შემდეგ“ - კახა ხაზარაძე

,,ბიზნესის და ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა შეიცვლება არჩვენების შემდეგ“ - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, კახა ხაზარაძემ კომპანიის გეგმებზე კომენტირებისას.

მისივე თქმით, ახლა სამი სხვადასხვა კონტრაქტი მომზადების პროცესშია, თუმცა ბრენდებს ვერ ასახელებს, რადგან ყველაფერი, მათ შორის გახსნის თარიღები, დამოკიდებული იქნება ქვეყანაში სტაბილურ სიტუაციაზე.

,,ამ ეტაპზე გვაქვს ახალი კონტრაქტები, რომელიც ბოლოშია გასული და შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ახალ მულტიბრენდულ მაღაზიებს გავხსნით გაზაფხულის დასაწყისში. ასევე, ორ მნიშვნელოვან კონტრაქტს ვასრულებთ ავეჯის ნაწილში. პრინციპული შეთანხმება უკვე შემდგარია, თუმცა იურიდიულად არ მოგვიწერია ხელი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ოქტომბერში მოვაწერთ. იქამდე კომპანიების სახელის დასახელება არ მინდა. ეპიდ სიტუაციის გამო რამის შეცვლა რომ მოგვიწიოს, არ იქნება სწორი.

ახლა არჩვენებია, ბიზნესის და ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა შეიცვლება არჩვენების შემდეგ. ძალიან ბევრია დამოკიდებული სტაბილურობაზე, ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.

რაც შეეხება გაყიდვებს, ხაზარაძის თქმით, ვაჭრობის შემცირებაზე რთულმა ეპიდსიტუაციამ და სწავლის თარიღის გადაწევამაც იმოქმედა.

,,მიუხედავად იმისა, რომ ლოქდაუნი არ დაწესებულა, გამომდინარე ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან, ვაჭრობა საკმაოდ შემცირდა. ასევე, სექტემბერი გამომდინარე იქედან, რომ სწავლის თარიღი გადაწიეს, არ იყო სახარბიელო თვე.

გასულ სექტემბერთან შედარებით ახლა ვაჭრობა უფრო შემცირებულია. უმუშევრობაც და სოციალურად დაუცველთა რაოდენობაც იზრდება და ეს, ცხადია, ნეგატიურად მოქმედებს გაყიდვებზე“, - აცხადებს ხაზარაძე.

თამარ მუკბანიანი