კარლ ჰარცელი - ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს მომავლისთვის და დემოკრატიის ტესტი, რომელიც დამაჯერებლად უნდა ჩააბაროს

როგორც საქართველოს მეგობარსა და მხარდამჭერს, იმედი მაქვს, რომ ეს დღე იქნება დღე, როდესაც დემოკრატია მიაღწევს თითოეულ მოქალაქემდე. ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს მომავლისთვის და დემოკრატიის ტესტი, რომელიც დამაჯერებლად უნდა ჩააბაროს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„დღეს არის არჩევნების დღე, ეს არის ძალიან განსაკუთრებული დღე ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. ეს არის დღე, როდესაც ყველამ, პოლიტიკოსებმა, კომენტატორებმა სიჩუმე უნდა შეინარჩუნონ, ამომრჩეველი კი გამოვიდეს და საარჩევნო ყუთების საშუალებით დააფიქსირონ აზრი.

ბოლო კვირებში, ბოლო 24 საათის განმავლობაშიც კი, მნიშვნელოვანი პოლარიზაციის მოწმეები გავხდით, რომელიც აქ, საქართველოში, პოლიტიკურ ცხოვრებაში გრძელდება და რაც ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია.

ერთი რამ, რაზედაც ყველა პოლიტიკური მხარე თანხმდება, არის ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს არჩევნებზე მისვლა და არჩევანის გაკეთება. იმედი მაქვს და მჯერა, რომ დღეს ამომრჩეველს საშუალება ექნება, წყნარ, მშვიდ გარემოში მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. იმედი მაქვს, რომ ჟურნალისტებსაც დაცულ გარემოში გექნებათ მუშაობის საშუალება,“ - აღნიშნა ელჩმა.