„ალ-ჯაზირა“ - მოსალოდნელია, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები უკრაინასთან დიპლომატიურ ინციდენტს გამოიწვევს

მოსალოდნელია, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები უკრაინასთან დიპლომატიურ ინციდენტს გამოიწვევს, რადგან მიხეილ სააკაშვილს აქვს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც მან 2015 წელს მიიღო, - ამის შესახებ გამოცემა „ალ-ჯაზირას“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტსა და საქართველოში მიმდინარე ადგილობრივ არჩევნებს ეხება.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

სტატიის ავტორი წერს, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება "ძალიან მნიშვნელოვანია".

”ახლა, როგორც ჩანს, მან ყველა კარტი მაგიდაზე დადო და იმედი აქვს, რომ როგორმე ეს დაბრუნება გავლენას მოახდენს ქართულ პოლიტიკაზე”, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი ხაზს უსვამს, რომ ქართული პოლიტიკა სულ უფრო პოლარიზებული ხდება და ორიენტირებულია პოლიტიკური ფიგურების და არა საკითხების გარშემო. ის ფიქრობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ის, მოახდენს თუ არა სააკაშვილის დაბრუნება არჩევნების შედეგებზე გავლენას.

„ამ არჩევნებს ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ეს არის მუნიციპალური არჩევნები, მაგრამ ოპოზიცია მას განიხილავს როგორც რეფერენდუმს და თუკი მთავრობა საკმარის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ის, შესაძლოა, იძულებული გახდეს, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს“, - ვკითხულობთ სტატიაში.