რესტორანი ან კინოთეატრი უფასოდ - შვეიცარიაში ვაქცინირების გადაბირებისთვის მოქალაქეებს დააჯილდოვებენ

შვეიცარიის მოქალაქეები, რომლებიც თავიანთ მეგობრებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაში დაარწმუნებენ, მთავრობისგან რესტორანში უფასო ვახშამს მიიღებენ ან კინოთეატრის ბილეთი გადაეცემათ. ვაქცინაციის სტიმულირების ეს არაჩვეულებრვი სქემა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ალენ ბერსეტმა გაახმიანა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

შვეიცარიის 8.7 მილიონიანი მოსახლეობის 42% სრულად აცრილი არ არის, რაც ევროპული სტანდარტით მაღალი მაჩვენებელია.

„იმუნიზაციის მაჩვენებელი მეტად დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის შეკავების ზომები უნდა გავაგრძელოთ," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

150 მილიონი ფრანკის ღირებულების ინიციატივის ფარგლებში, თითოეულ ახლად აცრილ ადამიანს სთხოვენ, დაასახელოს, თუ ვინ დაარწმუნა ვაქცინის მიღებაში, რის შემდეგაც ამ პირს 50 შვეიცარული ფრანკი (54 დოლარი) გადაეგზავნება კინოთეატრში ან სამთავრობო პროგრამში ჩასმულ რესტორნებში გამოსაყენებლად. მთავრობა, ასევე, გეგმავს, 170 მობილური ცენტრით ვაქცინაციის ეროვნული კვირეული გამოაცხადოს.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები შემცირდა, იმუნიტეტის არმქონე პირების რაოდენობა ისევ დიდია, ხოლო მეტად გადამდები დელტა ვარიანტის გამო ინფექციის მეორე ტალღის მნიშვნელოვანი რისკი არსებობს, რაც საავადმყოფოებს შესაძლოა, მძიმე ტვირთად დააწვეს,“ - აცხადებს ალენ ბერსეტი.

შვეიცარიასა და მეზობელ ლიხტენშტეინის სამთავროში COVID-19-ით ინფიცირების 841,000-ზე მეტი, ხოლო სიკვდილიანობის 10,700-ზე მეტი შემთხვევა არის დაფიქსირებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ