ბრაზილია ამაზონის ტყეების შენარჩუნებისთვის წლიურად 10 მილიარდ დოლარს ითხოვს

ბრაზილიამ წლიურად კომპენსაციის სახით არანაკლებ 10 მილიარდი დოლარი უნდა მიიღოს ამაზონის ეკვატორული ტყეების შენარჩუნებისთვის - ამის შესახებ ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტმა ანტონიუ ჰამილტონ მოურაუმ განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც მე დავიწყე მუშაობა ამაზონის საბჭოში, სულ მესმოდა ბიზნესმენებისგან და განსაკუთრებით ბანკირებისგან, რომ ჩვენ უნდა ვიღებდეთ დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის კომპენსაციას წლიურად ეკოლოგიური მომსახურებისთვის. ვფიქრობ, ეს არის ღირსეული თანხა იმისათვის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამაზონისთვის“, - განაცხადა მან არაბეთში მიმდინარე Expo 2021-ზე სიტყვით გამოსვლისას.

მოურაუმ განმარტა, რომ ეს თანხა აუცილებელია ამაზონიის ეკვატორული ტყეების მომავალი მართვისთვის და აღდგენისთვის. მისივე თქმით, დღემდე შენარჩუნებულია ამ ტყეების 84-85%.

„სუფთა მატემატიკური თვალსაზრისით, ჩვენ შეიძლება მივცეთ თავს უფლება მოვჭრათ ამ ტყის კიდევ 5%. 80% კი უნდა შენარჩუნდეს. ამისთვის კი უნდა მოხდეს რეგიონის მოსახლეობისთვის ალტერნატიული სარგებლის მოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დაემსგავსება კატა-თაგვობანას თამაშს“,- დასძინა მან.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აღდგენითი სამუშაოები მასშტაბურია და მასში ჩართულია ქვეყნის 15 სამინისტრო და შეიარაღებული ძალებიც და ის ამ კონტინენტის უდიდესი ქვეყნის ტერიტორიის თითქმის ნახევარს ეხება.

„თუ ჩვენ გვჭირდება ჩვენი ტერიტორიის ნახევრის შენარჩუნება, ჩვენ გვჭირდება დახმარება. სხვა ქვეყნებმა მაქსიმალურად გამოიყენეს ეს ტყეები, ჩვენ კი ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ და გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა მან.

კოკა კვირკველია